3 დეკემბერს, ტექნოპარკში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო პროგრამა "ბიზნეს ინკუბატორის" სტარტაპებისა და ინვესტორების შეხვედრას მართავს, სადაც 8 გუნდი საკუთარი სტარტაპების პრეზენტაციებს წარადგენს. მათ მიეცემათ საშუალება მოიპოვონ ინვესტიცია და განავითარონ ბიზნესი, როგორც ქართულ, ისე გლობალურ ბაზარზე. ღონისძიებას, პოტენციური ინვესტორების როლში, ისეთი მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელები დაესწრებიან, როგორებიცაა: თი-ბი-სი ბანკი, კომპანია ჯი-პი-სი, პე-ეს-პე, ბილაინი, ორიენტ ლოჯიკი, თეგეტა მოტორსი, ახალი ნათება და სხვ. პრეზენტაციის გარდა ინვესტორებს საშუალება ექნებათ ადგილზე ნახონ და გატესტონ დამწყები კომპანიების პროდუქტები, გაესაუბრონ გუნდის წევრებს და მიიღონ ყველა საჭირო ინფორმაცია წარმოდგენილ სტარტაპებზე.
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამა ბიზნეს ინკუბატორი 2016 წლის თებერვალში ამოქმედდა დაის მიზნად ისახავს მონაწილე გუნდების ხელშეწყობასა და მათი ინოვაციური ბიზნეს იდეების წარმატებულ ბიზნესად განვითარებას. შერჩეული გუნდები 1 წლის განმავლობაში იღებდნენ ტრენინგებს პროექტის მართვის, მარკეტინგის, ბიზნეს გეგმის ჩამოყალიბების და სხვა მიმართულებებით; კონსულტაციები გაიარეს ფინანსურ, იურიდიულ, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის და სხვა საკითხებში; ისინი ასევე იყენებდნენ ტექნოპარკის საერთო სამუშაო სივრცეს და კიდევ სხვა ინტელექტუალურ და მატერიალურ ხელშეწყობას იღებდნენ სააგენტოსგან.
გუნდებმა ამ ერთი წლის განმავლობაში გაიარეს რამდენი ეტაპი, ახლა კი ისინი იმ საფეხურზე არიან, როდესაც მათ სჭირდებათ ინვესტიცია, იმისთვის რომ განავითარონ ბიზნესი და მოიპოვონ წარმატება, როგორც ქართულ, ისე გლობალურ ბაზარზე.
"სტარტაპ ბიზნესების ხელშეწყობა და ბაზარზე მათი პოზიციონირება ზრდის ქვეყანაში სტარტაპ ეკოსისტემის წინსვლისა და ფორმირების არეალს. მსგავსი წამოწყებები ქვეყანაში არის მაგალითი, თუ როგორ უნდა აქციოს დამწყებმა ბიზნესმენმა იდეა რეალობად. სტარტაპერებს ბიზნეს ინკუბატორის პროგრამის ფარგლებში აქვთ შანსი სრულიად უფასოდ მიიღონ ბიზნესის განვითარებისთვის აუცილებელი მომსახურება და სერვისები, რაც მათ სწორი კურსით განვითარებას უზრუნველყოფს. ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია სტარტაპებს მიეცეთ მეტი სტიმული, რისთვისაც საჭიროა ინვესტორების მაქსიმალური ჩართულობა. დამწყებ ბიზნესმენებს ჭირდებათ შანსი, იდეა აქციონ რეალურ პროდუქტად, გავიდნენ ბაზარზე და შექმნან კონკურენტუნარიანი ბიზნეს გარემო" - აცხადებს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე.
"ბიზნეს ინკუბატორში" მონაწილე გუნდები ინვესტორებთან შესახვედრად ოქტომბრიდან ემზადებიან. მათთვის შეირჩნენ მენტორები, რომლებმაც მათ საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, დაეხმარნენ ფიჩის მომზადებაში, პრეზენტაციების გამართვაში, ბიზნეს გეგმის დახვეწასა და ინვესტორებთან შეხვედრის მომზადებაში.
სერგი სტეფანოვი - GOTRIP-ის წარმომადგენელი: "ჩვენ გვაქვს საიტი, რომლის მეშვეობით ადამიანს შეუძლია იმოგზაუროს მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩემი პროექტი ძალიან მაგარია და ველოდები რომ ძალიან მარტივად მივიღებ დაფინანსებას"
გიგი გვალია - IMMARU CONSEPT-ის წარმომადგენელი: "ჩვენ ვამზადებთ ხელნაკეთ ელექტრო სანათებს ნატურალური მასალისგან, სანათები არის ეკომეგობრული, ვიყენებთ ლედ ტექნოლოგიას, ასე რომ სანათები ისინი ენერგოეფექტურია. მოლოდინი დიდი გვაქვს იქიდან გამომდინარე რომ საკმაოდ კარგი პროდუქტი გვაქვს, და ვფიქრობთ იმსახურებს განვითარებას."
როგორ ემზადებიან გუნდები, რა მოლოდინებით და ემოციებით დატვირთულები არიან ისინი, ამის შესახებ უფრო ვრცლად ვიდეოდან შეიტყობთ.