იტალიაში გარდაცვლილი ქართველის, კარლო გოდოლაძის საქართველოში გადმოსვენების თარიღი ჯერ უცნობია. როგორც "ინტერპრესნიუსს" იტალიაში საქართველოს ელჩმა კახა სიხარულიძემ განუცხადა, გადმოსვენების საკითხზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყება, რაც იტალიური მხარე სამართლებრივ პროცედურებს დაასრულებს.
ელჩის თქმით, კარლო გოდოლაძის გადმოსვენების ხარჯებს საქართველოს სახელმწიფო დაფარავს. ყველა სახის პროცედურების მოგვარებაში კი იტალიაში საქართველოს საელჩო აქტიურად იქნება ჩართული.
26 წლის ქართველი ახალგაზრდა იტალიის ქალაქ პადუაში გარდაცვლილი იპოვეს. თითქმის 10-დღიანი ძებნის შემდეგ მამაკაცი ორი დღის წინ იპოვეს. როგორც იტალიური მედია იტყობინება, ცხედარი მდინარემ გამორიყა და ის ველოსიპედისტებმა იპოვეს, შემდეგ კი სამართალდამცველებს შეატყობინეს. კარლო გოდოლაძე იტალიაში სასწავლებლად იმყოფებოდა. მისი გარდაცვალების მიზეზი უცნობია.
წაიკითხეთ: ახალი დეტალები იტალიაში გარდაცვლილი ქართველი ახალგაზრდას შესახებ