"ოქსფამის" საქართველოს წარმომადგენლობამ სასურსათო უსაფრთხოების თემაზე მედია კონკურსის გამარჯვებული ჟურნალისტები გამოავლინა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "ოქსფამიდან" აცნობეს, გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია ევროკავშირის ხელშეწყობით საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული ფერმერთა სათათბიროს პირველი სხდომის ფარგლებში გაიმართა. თითოეულ გამარჯვებულს ფულადი ჯილდო 1,000 ლარის ოდენობით გადაეცა.
ღონისძიებას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ევროკავშირის წარმომადგენლობის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
კონკურსში საქართველოში მოქმედი ბეჭდვითი, ონლაინ და სამაუწყებლო მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
კატეგორიაში "საუკეთესო ანალიტიკური სტატია ან ნარკვევი ბეჭდვით მედიაში" ქეთევან მღებრიშვილმა გაიმარჯვა, სტატიით - "სურსათის ხელმისაწვდომობა მთიან რეგიონში" (გაზეთი "არგუმენტი ი ფაქტი")
კატეგორიაში "საუკეთესო ანალიტიკური სტატია ან ნარკვევი ონლაინ მედიაში" გაიმარჯვა ზურა ვარდიაშვილმა, სტატიით - "პური ჩვენი არსობისა" (ონლაინ ჟურნალი "ლიბერალი")
კატეგორიაში "საუკეთესო ანალიტიკური ტელე/ რადიო სიუჟეტი ან რეპორტაჟი" გამარჯვებულად დასახელდა დემეტრე ერგემლიძე სიუჟეტით - "საქართველოს მოსახლეობის კვების რაციონი" (საზოგადოებრივი მაუწყებელი)
ჟიურის გადაწყვეტილებით, განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა "კვირის პალიტრისა" და "ამბები.ჯი"-ს ჟურნალისტმა ლალი ფაციამ, რომლის მიერ სასურსათო უსაფრთხოების თემაზე გამოქვეყნებულმა სტატიებმა ინტერნეტ მომხმარებლების დისკუსიებში ჩართულობა გამოიწვია. "ოქსფამის" საქართველოს წარმომადგენლობამ მას ფულადი ჯილდო 500 ლარის ოდენობით გადასცა.
წაიკითხეთ გამარჯვებული სტატია: როგორია ქართული ოჯახის ყოველდღიური მენიუ - კვლევის საგანგაშო შედეგები
"ოქსფამის" საქართველოს წარმომადგენლობის ინიციატივითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, 2016 წლის ივლისში გამოცხადდა კონკურსი ჟურნალისტებისთვის, რათა გამოვლენილიყო საუკეთესო ნამუშევრები სასურსათო უსაფრთხოების პოლიტიკის გამოწვევების შესახებ.
2013 წლიდან, ევროკავშირის დაფინანსებით "ოქსფამი" და ასოციაცია "ელკანა" ახორციელებენ 4-წლიან პროექტს - "ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში". პროექტის მიზანია გენდერულად სენსიტიური სასურსათო უსაფრთხოებისა და ნუტრიციის სტრატეგიის შემუშავება სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის. სასურსათო უსაფრთხოება სოფლის მეურნეობის პოლიტიკის ჩარჩოს მნიშვნელოვანი ნაწილია და წარმოადგენს თანმიმდევრულ სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკას, რომლის მთავარი მიზანია მოსახლეობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საღ და მრავალფეროვან საკვებზე.