26 წლის ქართველი, რომელიც იტალიის ქალაქ პადუაში სამართალდაცველებმა გარდაცვლილი იპოვეს, იტალიაში სასწავლებლად იმყოფებოდა.
იხილეთ ვიდეო| კადრები იტალიიდან, ტრაგედიის ადგილიდან, სადაც მდინარემ ქართველი ბიჭი გამორიყა
კარლო გოდოლაძე კონსტუტუციონალისტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი იყო და იტალიის ქალაქ პადუაში მაგისტრატურას გადიოდა.
როგორც AMBEBI.GE-ს კორესპონდენტი იტალიიდან იტყობინება, 26 წლის გოდოლაძე 10 დღის განმავლობაში დაკარგული იყო, მას 20 ნოემბრის შემდეგ ეძებდნენ.
თანაკურსელის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია იმ სტუდენტებმა გაავრცელეს, ვისთან ერთადაც გოდოლაძე სტუდენტურ საცხოვრებელში ცხოვრობდა. როგორც მათ სამართალდამცველებს განუცხადეს, ახალგაზრდამ სახლიდან გასვლის წინ ტელეფონი და პასპორტი საცხოვრებელ ოთახში დატოვა.
10-დღიანმა ძებნამ შედეგი არ გამოიღო. 26 წლის ქართველი გუშინ შუადღისას იპოვეს გარდაცვლილი. როგორც იტალიური მედია იტყობინება, ცხედარი მდინარემ გამორიყა და ის ველოსიპედისტებმა იპოვეს, შემდეგ კი სამართალდამცველებს შეატყობინეს. პოლიციამ მაშინვე მიიტანა ეჭვი, რომ ის კარლო გოდოლაძე იქნებოდა, რადგან უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში აქტიურად ეძებდნენ. მოგვიანებით ეჭვი დადასტურდა - გარდაცვლილს ჯიბეში სტუდბილეთი უპოვეს. ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. დამატებითი ინფორმაცია, თუ რა გახდა ქართველის გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ადგილობრივ მედიასთან საუბარში პადუას უნივერსიტეტის რექტორი მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს:
"ძალიან დიდი ტრაგედიაა ჩვენი უნივერსიტეტისათვის. ასეთი ახალგაზრდა სტუდენტის სიკვდილმა, რომელიც სასწავლებლად ასე შორიდან იყო ჩამოსული, ძალიან შეგვაშფოთა. თავიდანვე თვალ-ყურს ვადევნებით ძებნის პროცესს და მუდმივად ვინარჩუნებდით კავშირს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან. იმედს არ ვკარგავდით, რომ ის ცოცხალი დაბრუნდებოდა და კვლავ მონდომებით გააგრძელებდა სწავლას. მთელი უნივერსიტეტის სახელით, სამძიმარს ვუცხადებ კარლო გოდოლაძის ოჯახს" - ამბობს როზარიო რიძუტო.
AMBEBI.GE დაუკავშირდა იტალიაში საქართველოს ელჩს კახა სიხარულიძეს, რომლის თქმითაც ახალგაზრდის ამოცნობის პროცედურა გუშინ საღამოს ჩატარდა. კახა სიხარულიძის თქმით, გამოძიებამ ჯერჯერობით არ იცის, რამ გამოიწვია ახალგაზრდა ქართველის გარდაცვალება.
"ძალიან სამწუხარო ფაქტია. ჯერჯერობით საელჩოს ოფიციალურად არ მიუღია ცნობა, რომ ამოცნობილია, მაგრამ სავარაუდოდ, ნაპოვნი ის ქართველია, ვისაც პოლიცია რამდენიმე დღე ეძებდა. გამოძიება ყველა მიმართულებით მიმდინარეობს. რა და როგორ მოხდა, ალბათ დადგინდება. ჯერ არ გვაქვს მომხდარის მიზეზებზე ოფიციალური ინფორმაცია", - განაცხადა იტალიაში საქართველოს ელჩმა.
ნინა მამუკაძე, სპეციალურად AMBEBI.GE-სთვის იტალიიდან