საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ გააჟღერა ინიციატივა, რომელიც ონლაინ სესხების აკრძალვას გულისხმობს და განმარტა, რომ "ეს მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო ჩვენი საზოგადოების მხრიდან."
განცხადებას მალევე მოჰყვა დიმიტრი ქუმსიშვილის განმარტება, რომლის მიხედვითაც, ონლაინ სესხები არ აიკრძალება, არამედ ამ ტიპის ბიზნესზე გარკვეული ტიპის რეგულაციები დაწესდება.
"ჩვენ ონლაინ სესხები დავარქვით ისეთ ბიზნესმოდელს, სადაც წლიური საპროცენტო განაკვეთი არის 200-დან 1000%-მდე. საბოლოო ჯამში გუნდში ყველამ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ასეთი ბიზნესმოდელი ქვეყანაში არ ქმნის იმდენ დამატებით ღირებულებას, რამდენიც მოაქვს უარყოფითი ჩვენი მოსახლეობისთვის, რომელთა უფლებების დაცვაც არის სახელმწიფოს ვალდებულება. სწორედაც რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით ვიხელმძღვანელებთ და დიდი ალბათობით მოხდება ამ მიმართულებით პაკეტის შეთავაზება. ანუ საუბარია, რომ ბიზნესმოდელში უნდა არსებობდეს გონივრული ზღვარი, რომელიც უნდა იყოს დადგენილი," - აღნიშნა მან.
მმართველი გუნდის ინიციატივის მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი სერგი კაპანაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ ონლაინ სესხების აკრძალვა მევახშეობის აღზევებას გამოიწვევს. კაპანაძე იმედს გამოთქვამს, რომ უმრავლესობაშიც არიან საღი აზრის მქონე ადამიანები, რომლებიც ხედავენ, რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული ეს ინიციატივები.
უნდა აიკრძალოს თუ არა ონლაინ სესხები და როგორ უნდა დარეგულირდეს ეს ბიზნესი?
ამის შესახებ Allnews.ge სპეციალისტებს ესაუბრა. "საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელის, გიორგი კეპულაძის განმარტებით, ონლაინ სესხებზე გარკვეული რეგულაციების დაწესებაა საჭირო.
მისი თქმით, საერთაშორისო პრაქტიკა როგორც აკრძალვის, ისე ონლაინ-სესხების შეზღუდვის მაგალითს იცნობს, ამიტომ უკეთესი იქნებოდა, ხელისუფლებას ისეთი მიდგომა შეერჩია, რომელიც არც მომხმარებელს დააზარალებდა და არც ბიზნესს.
"ერთ-ერთი რეგულაცია, რაზეც ვფიქრობდით, იყო ის, რომ ონლაინ სესხების კომპანიებს სესხები ისეთ მომხმარებლებზე არ უნდა გაეცათ, ვისაც საკრედიტო ისტორია გაფუჭებული ჰქონდა, რადგან ისინი ამ ვალდებულების ტვირთის გაწევას ვერ შეძლებდნენ. ჩვენი რეკომენდაციით, საპროცენტო ზედა ზღვარი უნდა დაწესებულიყო და ონლაინ სესხების გამცემ კომპანიებს უნდა დავალებოდათ, რომ ეფექტური საპროცენტო განაკვეთი მიეთითებინათ. მაგრამ როგორც მთავრობის განცხადებებიდან ჩანს, მათ ალბათ ამ კომპანიების პირდაპირ აკრძალვა გადაწყვიტეს," - აღნიშნავს ის... განაგრძეთ კითხვა