იუსრიტი გიორგი თუმანიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე, თამბაქოს ნაწარმის, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და ონლაინ სესხების შესახებ, მთავრობის ახალ გადაწყვეტილებას ეხმაურება:
"ძალიან მოკლედ იმის შესახებ, თუ რატომ არის მთავრობის გადაწყვეტილება: თამბაქოს ნაწარმის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების და ონლაინ სესხების შესახებ - სწორი.
დასაწყისში გამოვხატავ სიხარულს, რომ კონცეფციები, რომლებზეც წლების წინ ვმუშაობდი დღეს გაჟღერებულ, ხოლო ხვალ განხორციელებულ იქნება.
პირადად მე, ზოგადად მივიჩნევ, რომ ნაკლები რეგულაცია კარგია და ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას, მიუხედავად ამისა არის მოცემულობები, რომლებიც შეიძლება მივიჩნიოთ გარკვეულ ათვლის წერტილად. ათვლის წერტილი და ათვლის სისტემა უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი დისკურსისათვის.
ის, რომ საბაზრო ეკონომიკისათვის, თავისუფალი საბაზრო ურთიერთობებისთვის და ა.შ. სახელმწიფო ჩარევა უნდა იყოს მინიმალური, ამაზე ამ პოსტში არ ვისაუბრებ განგებ. თუ სურვილი გექნებათ შეგიძლიათ ცალკე მომწეროთ და ჩემს აზრს გეტყვით :) ასევე თემაზე, რომ ადამიანის სიცოცხლე და არჩევანი ზოგადად ყველაზე მნიშვნელოვანია, მისია და რასაც უნდა მას გაუკეთებს, უნდა თამბაქოს მოწევს და უნდა სესხს აიღებს ათას პროცენტში და ა.შ.
1. თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გაზრდა. უნდა ემსახურებოდეს ამავე ნაწარმით გამოწვეული დაავადებების პრევენცია/მკურნალობას. არგუმენტი, რომ მოსახლეობა მაინც იმ ოდენობით მოიხმარს თამბაქოს და უბრალოდ შედარებით უხარისხო ნაწარმზე გადავა, არ მგონია მართებულად. თამბაქოს ნაწარმის ფასებს შორის სხვაობა არ უნდა იყოს დიდი, მიუხედავად ხარისხისა, ხოლო ჩემი აზრით მათი ღირებულება დაახლოებით 10-15 ლარი უნდა იყოს, დღევანდელი მოცემულობით;
მართალია, ადამიანის არჩევანია, ის, თუ როგორ იცხოვრებს, მაგრამ სახელმწიფოს პოლიტიკა ჯანსაღი ცხოვრების წესთან მიმართებაში არ მოდის ზემოხსენებულთან წინააღმდეგობაში.
2. ავტოსანტრანსპორტო საშუალებათა კლასიფიკაცია და განსხვავებული რეჟიმი განბაჟებისათვის - აბსოლუტურად მართებულია, დღევანდელი იმ ყოველდღიური ინფრასტრუქტურული რეალობიდან გამომდინარე, რომელშიც ვიმყოფებით, ასევე მართებულია ჰაერის დაბინძურების შემცირებისათვის გადადგმული ნაბიჯის თვალსაზრისით. შემდეგი ეტაპი უნდა იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის გამართვა და ქალაქის ცენტრში კერძო ტრანსპორტით გადაადგილების აკრძალვა 08:00-20:00 შუალედში და ბუნებრივია ტექნიკური დათვალიერების რეალური სისტემის შემოღება.
3. სწრაფი (ონლაინ) სესხების აკრძალვა-შეჩერება. მესმის, რომ მოთხოვნა განაპირობებს მიწოდებას. მაგრამ ვნახოთ რით არის გამოწვეული მოთხოვნა და როგორია მიწოდება. მოთხოვნა განპირობებულია იმ რთული ეკონომიკური ყოფით, რომელშიც იმყოფებიან ჩვენი მოქალაქეები. სწრაფი მიწოდება, განპირობებულია ამ მოთხოვნით და მიმწოდებელი მხარის არაზღვრული შემოფარგლულობით (პროცენტთან მიმართებაში). რის გამოც, ღარიბი რეალურად ბევრად უფრო ღარიბდება, ხოლო, ბიზნესის მკეთებელი-ბევრად სწრაფად მდიდრდება, ოღონდ ამ შემთხვევაში ვის ან რის ხარჯზე? იმის ხარჯზე, რომ ღარიბს აღარ ექნება საცხოვრებელი ადგილი? იმის ხარჯზე, რომ ის ვალდებული იქნება პრაქტიკულად რამოდენიმე ასეული პროცენტით მეტი გადაიხადოს იმ მიწოდებისთვის, რომელიც რამოდენიმე ასეული პროცენტით ნაკლები იყო დასაფარ ვალდებულებაზე. აქ რამოდენიმე გზაა. 1. ზღვრული ოდენობის დაწესება; 2 შეჩერება-გაუქმება. ორივე მისაღებია დღევანდელი მოცემულობისათვის საქართველოში. ვფიქრობ, რომ ბიზნესი უნდა მდიდრდებოდეს აუცილებლად, მაგრამ არა ჩვენი მოქალაქეების ბოლო ლუკმისა თუ ჭერის ხარჯზე, რომელიც მათ აქვთ, არამედ საშუალო სეგმენტი უნდა ამდიდრებდეს ბიზნესს, ხოლო ასეთი სეგმენტის შექმნისათვის ჯერ ბევრი შრომაა გასაწევი.
ზემოხსენებულთან პირდაპირ კავშირშია ასევე განათლების და მოქალაქეობრივი შეგნების დონეც, რომელიც სამწუხაროდ, რეალურად დაბალია. ის, რომ ხელშეკრულების არ-წაკითხვა არგუმენტი არ არის, ყველამ ვიცით, მაგრამ ეს ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.
მაშინ, როდესაც უფრო განათლებული, უფრო შეძლებული და მოქალაქეობრივი შეგნებით უფრო მაღალი საზოგადოება ვიქნებით, ონლაინ, სწრაფი სესხებიც აუცილებლად გვექნება. მაგრამ დღეს ჯერ პატარები ვართ ამ სათამაშოსთვის. :)
გამიგრძელდა წერა. მოკლედ ეს არის, რისი თქმაც მინდოდა. ვიცი, რომ მემარჯვენეები შემეკამათებიან, მემარცხენეებიც რაღაცას იტყვიან. მემარჯვენეობა და მემარცხენეობა ვფიქრობ არ უნდა იყოს აყვანილი რაღაც ისეთ კონცეპტამდე, რომელიც უპირობოა. ყველაფერი პირობითია, ჩემო მეგობრებო. მათ შორის ამ პოსტში არსებული ჩემი სუბიექტური ჭეშმარიტებებიც".