თუშეთი - ეს არის საშიში სილამაზე და სასიამოვნო მოულოდნელობა. ალაზნის ველიდან ჯერ აღმა მიუყვები აბანოს უღელტეხილამდე, მერე თავდაღმართია, შემდეგ ჭალას მიუყვები და ბოლოს ისევ აღმართია ომალომდე. ომალო ყველაზე დიდი "მეგაპოლისია" თუშეთში. ამბობენ, რომ ზამთრობით ამ მხარეში ორმოციოდე ადამიანი რჩება, მაგრამ ადგილობრივები ამაზე არ გეთანხმებიან: გაცილებით ცოტა რჩებაო...
ოთხკაციანმა ჯგუფმა, გამოცდილი მძღოლისა და სანდო ავტომობილის იმედით, შენაქოს გვერდი ავუარეთ და დიკლოს ცენტრში გადმოვბარგდით. ცალ მხარეს მოშიშვლებული ველია, საპირისპირო მხარეს - ფიჭვნარი. სახლების უმეტესობა ან ჩაქცეულა, ან სახურავგათანამედროვებულს დაუკარგავს თუშური არქიტექტურის ხიბლი. ადგილ-ადგილ ახალი სტილის სახლიც ჩაუდგამთ. მესაქონლეობის მიუხედავად, აქ არ დგას ნაკელის სუნი. რადგან პირუტყვს სოფლად ხეტიალის საშუალება არ აქვს, პატრონები მოშორებით გარეკავენ ხოლმე. დაღესტნის საზღვრის სიახლოვეს ცხვრის ფარა დააბოტებს, რომელსაც ბრიყვული შესახედაობის ვეება ნაგაზები თვალს არ აცილებენ. გადაწყდა: დიკლოში ვრჩებით პირველ ღამეს. დრო თავზე საყრელადაა და დავდივარ ნასოფლარში, რომელსაც ზაფხულობით აცოცხლებენ ბარიდან ამოსული თუშები და ტურისტები.
ერთ სახლს, პატრონის ხელს დანატრებულს, აივნიდან ვზვერავ. ულამაზესი ჩუქურთმებით ბოლოვდება ფიჭვის სვეტები, ფანჯრები დარაბებითაა დაგმანული. დარაბის ფიცრებზე ოდესღაც ხასხასა ფერის ყვავილებიც მიუხატავთ, ახლა კი გაბაცებული ხატებაღა დარჩენილა მათგან. ერთგან სარკმელი შეტეხილია. ოთახიდან სიბნელე ციკლოპის თვალივით იყურება. ფოტოაპარატის ობიექტივი გადავყავი სიბნელეში და მონიტორზე იწერება: "ძალიან ბნელია ობიექტი". ინტერესი მიცხოველდება და ტექნიკის სპეცრეჟიმით ვაშუქებ სიბნელეს. კერაზე ნახშირს ხსოვნის ფერფლივით აყრია ნაცარი. კარადაში შელაგებული ფერადი ჭინჭილები მტვრისფერია. აკვანზე შემორჩენილა მხოლოდ ფერადი მინის მძივი და ღინჭილა...
ახლა კიბეს ვაკვირდები - თურქ-სელჩუკივით მოიწევს საფეხურებზე ჭინჭარი; ნაბოსტნარს მაღალი ანწლნარი ფარავს, წითელთავა (და არა წითელგულა!) პატარა ჩიტები შეხიზვნიან სახურავს და გასაოცრად მაღალი ხმით "აცხადებენ", რომ აქაურობა მათია. საღამოვდება და თითქოს, სარკმელში იდუმალება მიიპარება, რათა ცარიელ აკვანში ჩაწვეს და გამოითენოს.
სახლებთან ზოგან გაცამტვერებული საცეცხლურია, ზოგან - სახელდახელოდ შეკეთებული. საცეცხლური დაახლოებით იგივეა აქ, რაც გურიაში ქუხნა-სახლი. ალაგ-ალაგ ფურნეც დავინახე, გამომჭვარტლული გულ-მუცლითა და ობობის ქსელით გადახლართული. ოდესღაც მასში აცხობდნენ და წვავდნენ, ახლა კი ვიღას ახსოვს ძველებური ფურნე...
მოშორებით ყმაწვილი თოხს იქნევს და ყელამდე აწვდილ ბალახებს ძირკვავს. მას სპორტული კეპი ახურავს. დამინახა თუ არა, საქმეს შეეშვა და მომესალმა. ოციოდე წლისაა ჯამარ ვარდიძე. თოხს გვერდით დებს და ორ წუთში ვიცი მისი ამბავი. განათლებით მზარეულია, მუშაობდა კიდეც ომალოში სასტუმროს მზარეულად, ახლა კი წინაპრებისეული სახლი უნდა გამოსტაცოს დროის უნდობლობას. ორი და ჰყავს: ერთი თბილისში სწავლობს, მეორე - გერმანიაში. მშობლები საბერძნეთში არიან და აბა, სხვა ვინ მიხედავს აქაურობას?! მშობლები ფულს მომაშველებენ, მე ხელს გავატოკებ და აქაურობას მოვაწყობ, მერე სტუმრების მიღებაც შემეძლებაო. ჯამარი წელს შულტად აურჩევიათ: ვისაც თუშეთზე ცოტა ინფორმაცია მაინც აქვს, იცის შულტების ვალდებულებები. "პარკეტის თუში" ყოფილხარ, - გავეხუმრე მოსაუბრეს. არა, დედით და მამით თუში ვარ, - ოდნავი წყენა ისმის ახალგაზრდის ხმაში. ვუხსნი, ამით ის ვთქვი, რომ სეზონურად ამოდის დიკლოში. უფილტრო სიგარეტს უკიდებს და იღიმის. ვთხოვე, ქუდი მოეხადა, რომ ფოტოები გადამეღო მისთვის. დამყაბულდა. მერე შინ მიმიწვია... მართალია, ყმაწვილი თუში მოკრძალებულია, მაგრამ მთის ხალხისთვის დამახასიათებელი მიზანსწრაფულობა თვალებში ელექტრონივით უნთია და არც ვეჭვობ, რომ გასაკეთებელს გააკეთებს. ისე არ წახვიდეთ, დიკლოს ციხე რომ არ ნახოთო, - მირჩია. ორი თანამგზავრი ამედევნა და დაღესტნის საზღვარს მივადექით. ციხის კოშკის სიპებს საუკუნო კავშირი დარღვევია. ფიჭვები, როგორც ანცი ბიჭები, ისე დგანან ნიადაგმწირ ქვიანებში. გასული წლის გირჩები ფარავს მიწას, თავდაღმა დაშვებული ნაკადულები ხმას უწყობენ მეცხვარის ნაგაზების ხმებს. ორი მესაზღვრე სწრაფად გვიახლოვდება, რაციით ვიღაცას ეხმიანებიან: "ჩვენები არიან". ჩვენი სახელ-გვარი და პირადი ნომერი უკარნახეს "იქ" და მერე ერთად, პირიქითა ალაზნის ხეობას ვუცქერით. ალაზნის გადაღმა ლეკების ნასოფლარებია. ნასოფლარზეც ცხვრები დაკუნკულებენ და გულსაკლავი უკაცრიელობა იქაც ბატონობს! განაგრძეთ კითხვა