მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, ოჯახში ძალადობის პირობებში 13 ქალია მოკლული, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, კვლავ მაღალია ჯანმრთელობის დაზიანებისა და სხვა სასტიკი ფორმებით ჩადენილი ძალადობის რიცხვი. პოლიციამ 2000-ზე მეტ შემთხვევაში გამოიყენა დაცვის ღონისძიება. სახალხო დამცველის ინფორმაციით, მისასალმებელია გასულ წლებთნ შედარებით ოჯახში ძალადობის შემთხვევათა გამოვლენისა და მათზე რეაგირების მაჩვენებლის გაზრდა, თუმცა პრობლემის მასშტაბების და სიმძაფრის გათვალისწინებით შესაძლო რისკების პრევენციის და თითოეულ შემთხვევაზე რეაგირებისთვის უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო.
"ჩვენი შესწავლის შედეგები ცხადყოფს, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან ხშირ შემთხვევაში არ ხდება ძალადობის განმეორების რისკის შეფასება და მსხვერპლის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შემუშავება. არსებული გამოწვევების ფონზე მნიშვნელოვანია, რომ ძალადობის საქმეთა შესწავლისას გათვალისწინებულ იქნა ქვეყანაში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით არსებული მძიმე ვითარება და ყველა შემთხვევაზე ქმედითი ღონისძიებები გატარდეს", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
სახალხო დამცველი მოუწოდებს მთავრობას და პარლამენტს ხელი შეუწყონ და დააჩქარონ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრის საკითხებზე ევროსაბჭოს კონვენციის რატიფიცირება. უჩა ნანუაშვილი იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, მოახდინონ ფემიციდის, როგორც გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობის დეფინიციის განსაზღვრა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში.
გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის, ერიკა კვაპილოვას განცხდებით, უნდა შექმნას ფემიციდის მონიტორინგის სისტემა, რათა საზოგადოებისთვის ცნობილი იყოს არა მარტო ამგვარი ფაქტების, არამედ მათი გამოძიების და დამდგარი განაჩენის შესახებ.
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილის თქმით, ის უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის მიზეზებსა და შედეგების შესახებ გაერო-ს სპეციალური მომხსენებლის დუბრავკა სიმონოვიჩის 2015 წლის მოწოდებას გაერო-ს წევრი სახელმწიფოების მიმართ, რომლის მიხედვითაც აუცილებელია მთავრობამ მიზანმიმართულად იმუშაოს გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების პრევენციაზე და ამ მიზნით შექმნას გენდერული ნიშნით ქალთა მკვლელობებზე ზედამხედველობის სისტემა, იგივე მონიტორინგის სისტემა და ყოველი წლის 25 ნოემბერს წარმოადგინოს შემთხვევათა დეტალური ანალიზი.