განსაკუთრებული საჩუქარი Liberteens-ის და Liberkids-ის მოყვარულებს - როგორ უნდა მოიგოთ საგზური "დისნეილენდში" და არა მხოლოდ...

განსაკუთრებული საჩუქარი Liberteens-ის და Liberkids-ის მოყვარულებს - როგორ უნდა მოიგოთ საგზური "დისნეილენდში" და არა მხოლოდ...

ბავშვებს და მოზარდებს, ვისაც უყვართ "ლიბერქიდსის" და "ლიბერთინსის" პროექტის წიგნები, შესაძლებლობა ეძლევათ, "დისნეილენდის" საგზური მოიგონ და მხატვრული ლიტერატურის ჯადოსნური, წარმოსახვითი სივრციდან რეალურ, მსოფლიო ბავშვებისთვის საყვარელ დისნეის სამყაროში გადაინაცვლონ.

ორკაციანი საგზური იტალიაში, ორკაციანი საგზური "დისნეილენდში", Hp-ის ნოუთბუქი … - და ეს პრიზების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ლატარია "LIBER" გათამაშების ფარგლებში გამარჯვებულთათვისაა განკუთვნილი. ყველაზე საინტერესო ფაქტი კი ის არის, რომ ლატარია გათამაშების პერიოდში სწორედ მხოლოდ "ლიბერთინსისა" და "ლიბერკიდსის" ფარგლებში გამოსულ წიგნებზე გავრცელდება. ვიდრე გათამაშების დეტალებსა და გრანდიოზული დაჯილდოების თარიღს გაგაცნობთ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ გამომცმელობა "პალიტრა L"-ის ორი წარმატებული პროექტის - "ლიბერთინსისა" და "ლიბერკიდსის" მთავარი კონცეფციისა და იმ დადებითი გავლენის შესახებ, რაც ამ პროექტებმა 8-12 წლის მოზარდებსა და თინეიჯერებზე მოახდინა.

"ლიბერთინსი" უკვე ორ წელიწადნახევარზე მეტია, ქართველ თინეიჯერებს მსოფლიო ბესტსელერებით ანებივრებს. თავად "ლიბერთინსის" წევრი ახალგაზრდების რიცხვი კი სამოცამდე გაიზარდა. "ლიბერთინსელები" სწორედ ის მოზარდები არიან, რომელიც პროექტის კონცეფციიდან გამომდინარე, თავად არჩევენ და რეკომენდაციას უწევენ ლიტერატურას, რომელიც ქართველ თინეიჯერებამდე უკვე მშობლიურ ენაზე თარგმნილი და გამოცემული უნდა მივიდეს. სწორედ ეს არის, როგორც ერთ-ერთი "ლიბერთინსელი" გიორგი კიკაბიძე AMBEBI.GE - სთან საუბრისას აღნიშნავს, "ლიბერთინსის" მთავარი ხიბლი:

"ლიბერთინსის" მთავარი ხიბლი და მისია არის ის, რომ მოზარდები უშუალოდ ვარჩევთ სათარგმნ წიგნებს. ჩვენ ყველაზე კარგად შეგვიძლია ჩავიხედოთ თანატოლების გონებაში და განვსაღვზროთ, რა მოეწონებათ მათ. პირველ რიგში, ვეძებთ წიგნებს ყველა საშუალებით (უმეტესად ინტერნეტით, სხვადასხვა საიტებზე და ა.შ) ამის შემდეგ ანოტაციას ვაანალიზებთ. თუ მომეწონება წიგნი, ვკითხულობ. მეორე და უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, თუ როგორ მიიღებს ავტორის სათქმელს მოზარდი: შეიძლება ის, რაც ამერიკელი თინეიჯერისთვის მისაღებია, სრულიად მიუღებელი იყოს ქართველისთვის. ასევე სიფრთხილით ვეკიდებით წიგნის შინაარსსა და სიუჟეტს, რადგან შეიძლება მოზარდმა შინაარსს, ან მთავარ აზრს არასწორი ინტერპრეტაცია გაუკეთოს. ჩვენი მოვალეობა მარტო კითხვა კი არა, წიგნის სიღრმისეული ანალიზია, არასდროს ვმსჯელობთ ზედაპირულად, ყოველთვის ღრმად ვიქექებით, რომ არც ერთი დეტალი არ გამოგვრჩეს.

წიგნის არჩევის შემდეგ ვიკრიბებით და ერთმანეთს აზრებს ვუზიარებთ, ვმსჯელობთ, ვკამათობთ და ერთ აზრზე ვთანხმდებით. უკვე დიდი ხანია ერთად ვართ და ერთ ოჯახადაც ვიქეცით. წელს "საზღვრები" გავაფართოვეთ და რეგიონებიდანაც ავარჩიეთ ბავშვები. "ლიბერთინსი" არა მხოლოდ ახალი წიგნების აღმოჩენითაა დაკავებული, არამედ ახალი ბავშვებითაც", - ამბობს გიორგი კიკაბიძე და დასძენს, რომ მსგავსი პროექტის წარმომადგენლად ყოფნა მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა:

"ლიბერთინსი" ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იმიტომ, რომ ბევრი რამ მასწავლა და უამრავი საინტერესო ადამიანი გამაცნო. ზოგადად "ლიბერთინსის" მსგავსი პროექტი, ფაქტობრივად, არ არსებობს. იყო ასეთი ჭკვიანურად გათვლილი პროექტის ნაწილი - არის ძალიან მაგარი რამ, რაც პასუხისმგებლობასაც გაკისრებს. ამ პროექტის ფარგლებში გამოსულ წიგნებს შორის გამორჩეულად მომწონს ინგლისელი მწერლის, საბა ტაჰირის "ნაპერწკალი ფერფლში". ამის საკმაოდ ბევრი მიზეზია: ნათელი პერსონაჟები, საინტერესო სიუჟეტი, მწერლის ოსტატობა და ა.შ. " - აღნიშნავს გიორგი კიკაბიძე.

პროექტ "ლიბერთინსის" ფარგლებში უკვე 37 წიგნია გამოსული და როგორც თავად თინეიჯერები აღნიშნავენ, ამ პროექტმა ბევრ მათგანს კითხვა შეაყვარა. უამრავმა მათგანმა კითხვა ბესტსელერების ხათრით დაიწყო. შემდეგ კი სულ უფრო მეტი ახალი წიგნის წაკითხვის სურვილით "მოიწამლა". ამის დასტურია "ბიბლუსი გალერეასთან" დამდგარი რიგები ყოველი ახალი წიგნის გამოსვლის დროს, აჟიტირებული თინეიჯერები და მათი საინტერესო კომენტარები უკვე გამოცემულ ავტორებთან და მათ ნაწარმოებებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება "ლიბერკიდსს" მასში ბავშვებთან ერთად მშობლები და მასწავლებლებიც არიან ჩართული. ისინი ბავშვებთან ერთად არჩევენ მხატვრულ ლიტერატურას 8-12 წლის ასაკის მკითხველებისთვის. "ლიბერთინსის" მსგავსად, ამ პროექტის ფარგლებშიც თანამედროვე მსოფლიო ავტორების ბესტსელერები გამოიცემა და ქართველ ბავშვებს შესაძლებლობა ეძლევათ, ჩაერთონ მსოფლიო ლიტერატურულ "მარათონში", რომელიც მათ უამრავი საინტერესო ნაწარმოების გაცნობის შესაძლებლობას აძლევს. როგორც ერთ-ერთი "ლიბერთინსელი", ნანუკა ყიფიანი AMBEBI.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, ბავშვებისთვის ლიტერატურის სწორად შერჩევა სამომავლოდ მათ მკითხველად ჩამოყალიბებაში უდიდეს როლს თამაშობს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია პროექტ "ლიბერკიდსის" ფარგლებში წიგნები სწორად შეირჩეს:

"ეს ის ასაკია, როდესაც ბავშვი იწყებს კითხვას და ჩამოყალიბდება თუ არა ის მკითხველად, ამას სწორად შერჩეული წიგნები განაპირობებს. პროექტის მთავარი მიზანიც ეს არის, რომ ამ ასაკის ბავშვს ადეკვატური ლიტერატურა შეურჩიონ და შეაყვარონ კითხვა", - ამბობს ნანუკა ყიფიანი.

"ლიბერთინსიც" და "ლიბერკიდსიც" უკვე დიდი ხანია მკითხველს სიურპრიზებით ანებივრებს. თუმცა ამჯერად, LIBER გათამაშების ფარგლებში მკითხველი უპრეცენდენტო საჩუქრებს უნდა ელოდეს. ორკაციანი საგზური იტალიაში, ორკაციანი საგზური დისნეილენდში, Hp-ის ნოუთბუქები, ველოსიპედები, canon-ის ფოტოაპარატი - ეს ის საჩუქრებია, რომლებსაც იღბლიანი მოთამაშეები მიიღებენ. მიუხედავად აქამდე არსებული უამრავი პრიზისა, გამომცემლობამ ერთგული მკითხველის წახალისება კიდევ ერთხელ გადაწყვიტა. გათამაშება 17 ნოემბერს დაიწყო და 17 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. "ლიბერთინსისა" და "ლიბერკიდსის" ფარგლებში გამოცემულ წიგნებში დახარჯულ ყოველ 10 ლარზე მყიდველი გათამაშების ერთ ბილეთს მიიღებს. 20 იანვარს 15:00-ზე გრანდიოზული დაჯილდოება ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. სტუმრების განწყობაზე კი ცნობილი ქართული ჯგუფი LOUDspeakers-ი იზრუნებს.

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს