ტრამპის საკადრო პოლიტიკა - ვინ დაიკავებს აშშ-ის საკვანძო თანამდებობებს

ტრამპის საკადრო პოლიტიკა - ვინ დაიკავებს აშშ-ის საკვანძო თანამდებობებს

2017 წლის 20 იანვარს აშშ-ის ოფიციალურად ახალი, 45-ე პრეზიდენტი ჩაუდგება სათავეში. სწორედ ამ დღეს დანიშნულ ინაუგურაციის ცერემონიაზე ფიცის დადების შემდეგ დონალდ ტრამპი მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ადამიანის ტიტულს მოირგებს და აშშ-ის მართვის სადავეებს ჩაიბარებს.

ტრამპის ოფიციალურ გაპრეზიდენტებამდე 2 თვეა დარჩენილი. ეს ვადა ახალმა პრეზიდენტმა საკუთარი ადმინისტაციის დასაკომპლექტებლად და საკვანძო სახელმწიფო თანამდებობებისთვის კონკრეტული პიროვნებების შესარჩევად უნდა გამოიყენოს. ამჟამად მხოლოდ მათი ვინაობაა ცნობილი, ვინც ვიცე-პრეზიდენტის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და უფროსი მრჩევლის სავარძლებს დაიკავებენ.

პირველი ღმერთის შემდეგ

აშშ-ის პოლიტიკურ სტრუქტურაში ვიცე-პრეზიდენტს უმნიშვნელოვანესი როლი უჭირავს. ტრამპის ადმინისტრაციაში ამ პოსტს რესპუბლიკელი და ინდიანას შტატის გუბერნატორი მაიკ პენსი დაიკავებს. ამჟამინდელ თანამდებობაზე მან თავი ხისტი და უკომპრომისო მმართველობით წარმოაჩინა. მისი კანონპროექტი აბორტებს განუკურნებელი გენეტიკური სენით დაავადებული ნაყოფის შემთხვევაშიც კრძალავდა. კანონი ძალაში შესვლისგან მხოლოდ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შეუთავსებლობამ შეაჩერა.

პენსი აქტიურად ეწინააღმდეგებოდა ერაყიდან ამერიკული ჯარის გამოყვანას. მისი აზრით, "ისლამური სახელმწიფოს" შექმნა სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა.

ადმინისტრაციის უფროსი და მთავარი მრჩეველი

ამ თანამდებობის მომავალი "მეპატრონეს" შესახებ მხოლოდ 13 ნოემბერს გახდა ცნობილი. მას რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი რაინს პრიბუსი დაიკავებს. მთავარი მრჩევლის სავარძელს - ბიზნესმენი და ვებ-რესურსის Breitbart-ის ყოფილი მთავარი რედაქტორი სტივენ ბენონი მოირგებს. ნებისმიერი სახის კორუფციის აქტიური მოწინააღმდეგე ბენონი, ტრამპის საარჩევნო კამპანიის დროს კრიტიკის ქარცეცხლში არაერთხელ მოხვდა. მომავალ მთავარ მრჩეველს წარსული ცოდვები გაუხსენეს და ოჯახური ძალადობის ეპიზოდი შეახსენეს. 20 წლის წინ მისმა მეუღლემ პოლიცია მას შემდეგ გამოიძახა, რაც ოჯახის ფინანსურ მდგომარეობაზე კამათის შემდეგ, ქმარი მას კისერში წვდა.

თანამდებობა კითხვის ნიშნის ქვეშ

აშშ-ის მომავალი ლიდერის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე მოქმედი ჯონ ქერი შესაძლოა ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა, რობერტ ჯულიანიმ ჩაანაცვლოს. ტრამპთან მას მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებს. შიდა პოლიტიკურ არენაზე ყოფილი მერი მომავალი პრეზიდენტის აქტიურ მოკავშირედ მოიაზრება.

თუმცა, ჯულიანის საგარეო პოლიტიკის წარმოებაში არანაირი გამოცდილება არ აქვს. მერის პოსტზე ყოფნისას მან თავი ხისტ და, ამავდროულად, დამყოლ ადამიანად წარმოაჩინა. 2001 წელს 11 სექტემბრის შემდეგ, ჯულიანიმ საუდის არაბეთის ერთ-ერთი პრინცის მიერ ტერაქტში დაზარალებულთა დასახმარებლად გამოყოფილი 10 მილიონი დოლარის მიღებაზე კატეგორიული უარი განაცხადა.

მთავარი მზვერავი

ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს ხელმძღვანელად ტრამპის გუნდში მაიკ პომპეოს კანდიდატურა მოიაზრება. პომპეოს, რომელიც 18 ნოემბერს ტრამპის შემოთავაზებას დათანხმდა, ვესტ-პონტის სამხედრო აკადემია და ჰარვარდის უნივერსისტეტი აქვს დამთავრებული.

დაცვას მიხედეთ, დაცვას

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დაიკავებს თავდაცვის მინისტრის თანამდებობას. ამ პოსტზე თავიდან გენერალი დევიდ პეტრეუსი მოიაზრებოდა. თანამედროვე ამერიკულ არმიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კარიერის მქონე პეტრეუსის ბოლო თანამდებობა ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს დირექტორის პოსტი გახლდათ.

1991 წლამდე მას ევროპაში აშშ-ის ჯარების სარდლის სამხედრო მრჩევლის თანამდებობა ეკავა. შემდეგ გენერალ-მაიორის წოდებამდე დაწინაურებულს 101-ე საჰაერო-სადესანტო დივიზია ჩააბარეს. 2003 წელს ერაყში შესვლის დროს, ეს სამხედრო შენაერთი მოწინავე პოზიციებზე იმყოფებოდა. 2011 წელს ბარაქ ობამამ პეტრეუსს, რომელიც ავღანეთში კოალიციის კონტინგენტს მეთაურობდა, ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს დირექტორის პოსტი შესთავაზა.

გახმაურებული სკანდალის შემდეგ, მაღალი რანგის თანამდებობას პეტრეუსი 2012 წელს დაემშვიდობა. მეუღლის ღალატთან ერთად, რაც აშშ-ის შეიარაღებულ ძალებსა და სპეც-სამსახურებში თანამდებობრივ დანაშაულად ითვლება, გენერალს თავისი საყვარლისთვის - პოლა ბროდუელისთვის საიდუმლო მასალების გადაცემაში წაუყენეს ბრალი.

ამჟამად თავდაცვის მინისტრის სავარძლის მფლობელად სხვა გენერალი - ჯეიმს მატისი მოიაზრება. აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის გენერალს ძალზე შთამბეჭდავი სამხედრო კარიერა აქვს. ის ოპერაციებში "უდაბნოს ქარიშხალში" და "ურყევი თავისუფლება", ავღანეთის ომში (2001 წლიდან), ერაყის მეორე კამპანიაში და ფალუჯას ბრძოლაში მონაწილეობდა. 2010 წლამდე ჯეიმს მატის აშშ-ის გაერთიანებული ჯარების სარდლის პოსტი ეკავა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"