რიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ლაშა ტალახაძე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. თავისუფალი სტილით მოჭიდავე და ძალოსანი ქართული სპორტის საერთაშორისო ავტორიტეტის ამაღლებისა და საქართველოს წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის დაჯილდოვდნენ.
ჯილდოები სპორტსმენებს დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში XXXI ოლიმპიური თამაშების ჩემპიონების ვლადიმერ ხინჩეგაშვილისა და ლაშა ტალახაძის სახელობითი ვარსკვლავების გახსნაზე გადასცა.