სამართალდამცველებმა გასული ერთი წლის განმავლობაში უკანონო ბრუნვიდან 37 კგ კოკაინი, 181 კგ ჰეროინი და 15 კგ ფსოქოტროპული ნივთიერებები ამოიღეს, - ამის შესახებ შს მინისტრობის კანდიდატმა გიორგი მღებრიშვილმა რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. მისივე ინფორმაციით, უკანონო ბრუნვიდან ამოღებულია 1482 ცეცხლსასროლი იარაღი.
"ერთი წლის განმავლობაში, უკანონო ბრუნვიდან ამოვიღეთ 37 კგ კოკაინი, 181 კილოგრამი ჰეროინი, რომლის უდიდესი ნაწილი ტრანზიტისთვის იყო განკუთვნილი. ასევე 15 კგ ფსიქოტროპული ნივთიერებები და სხვადასხვა დასახელების სხვადასხვა ნარკოტიკი. ამავე პერიოდში, უკანონო ბრუნვიდან ამოვიღეთ 1482 ცეცხლსასროლი იარაღი, რაც თავის მხრივ, მძიმე დანაშაულის პრევენციაა", - განაცხადა მღებრიშვილმა.