რა თანხა დაგჭირდებათ საქართველოში 4-სულიანი ოჯახის სარჩენად - საარსებო მინიმუმი და დათვლილი ხარჯები

რა თანხა დაგჭირდებათ საქართველოში 4-სულიანი ოჯახის სარჩენად - საარსებო მინიმუმი და დათვლილი ხარჯები

სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე ყოველწლიურად იმატებს.

AMBEBI შეეცადა გაერკვია, მინიმუმ რამდენია საჭირო ოთხსულიანი ოჯახის სარჩენად საქართველოში და შეიცვალა თუ არა მონაცემები წინა წელთან შედარებით.

კვლევის მიხედვით, ერთი ადამიანის საშუალო თვიური სამომხმარებლო ხარჯი 2001 წელს 52.6 ლარი იყო, 2005 წელს 70.6 ლარი, 2010 წელს კი საშუალო თვიური ხარჯი 121 ლარამდე გაიზარდა. 2012 წელს 141 ლარს მიაღწია, 2014 წელს კი 174 ლარი იყო. ბოლო მონაცემებით, 2015 წელს ერთ ადამიანზე საშუალო თვიურმა ხარჯმა 179.8 ლარი შეადგინა.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, სამომხმარებლო ხარჯებში შედის - სურსათი, სასმელი, თამბაქო, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჯანმრთელობა, ტრანსპორტი, გათბობა, ელექტროენერგია, საოჯახო მოხმარების საქონელი და სხვა.

ამ მონაცემებით, 179.8 ლარიდან 66 ლარი გათვალისწინებულია სურსათზე, სასმელზე და თამბაქოზე, ტანსაცმელზე 7.6 ლარი იხარჯება, საოჯახო მოხმარების საქონელზე - 8.9 ლარი, ჯანმრთელობაზე 22.4 ლარია გათვალისწინებული, ელექტროენერგიაზე და გათბობაზე კი - 21.6 ლარი, ტრანსპორტზე - 19.9, განათლებაზე - 5.6 ლარი, სხვა დამატებით ხარჯებზე გათვლილია 27.8 ლარი.

აღნიშნული მონაცემები ითვალისწინებს ერთ სულ ადამიანზე საშუალო თვიურ სამომხმარებლო ფულად ხარჯს, თუ მათ შესაბამისად გამოვიანგარიშებთ, ოთხსულიანი ოჯახის შენახვა საქართველოში ყოველთვიურად საშუალოდ 720 ლარამდე დაჯდება. თუმცა, აქ შედის მხოლოდ სამომხმარებლო ხარჯები, რომელშიც იგულისხმება საკვები, სასმელი, ტრანსპორტი, ჯანდაცვა და ა.შ.

AMBEBI.GE დაინტერესდა, რამდენია საშუალო თვიური შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე და რამდენი ადამიანი უნდა მუშაობდეს, რომ 4-სულიანი ოჯახის შენახვა შეძლოს.

საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, ხარჯების გაზრდასთან ერთად საშუალო შემოსავალიც გაიზარდა. თუ 2014 წელს ერთი სულის შემოსავალი საშუალოდ 239.2 ლარი იყო, 2015 წელს შემოსავალი 250 ლარამდე გაიზარდა. შემოსავალში შედის - დაქირავებული შრომა, თვითდასაქმება, სოფლის მეურნეობა, პენსია, გზავნილი და ა.შ.

მაგალითად, თუ ოთხსულიან ოჯახში საშუალო შემოსავალი (პენსია, გზავნილი, თვითდასაქმება) მხოლოდ ერთ ადამიანს აქვს, უხეში დაანგარიშებით ოჯახის შემოსავალი საშუალოდ 250 ლარს შეადგენს, მაშინ როდესაც როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ოთხსულიან ოჯახს მხოლოდ სამომხმარებლო ხარჯების დასაფარად საშუალოდ 720 ლარი სჭირდება. შესაბამისად, ოჯახში მხოლოდ სამი საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანის შემთხვევაშია შესაძლებელი, შემოსავალი თვიურ სამომხმარებლო ხარჯს გაუტოლდეს.

ლიკა ამირაშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი