პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი "ფეისბუქის" მომხმარებლებს აფრთხილებს. განცხადებას, რომელიც აპარატის ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა, უცვლელად გთავაზობთ:
"გაიგე ვინ სტუმრობს შენს პროფილს ყველაზე ხშირად" - უკვე შეგხვდათ საიტი, რომელიც ასეთ მომსახურებას გთავაზობთ? პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი გირჩევთ, არ გახდეთ ამ და სხვა მსგავსი ტიპის შემოთავაზებების მსხვერპლი.
თუ საიტის მოთხოვნილ ინსტრუქციებს შეასრულებთ, ვებგვერდი მოიპარავს პრაქტიკულად ყველა ინფორმაციას თქვენი ფეისბუქ-ანგარიშიდან, გააგზავნის მესიჯებს თქვენი სახელით, მოიპოვებს თქვენი ფოტოების გამოყენების უფლებას, დაპოსტავს თქვენს მაგივრად და არავინ იცის რაში გამოიყენებს თქვენგან მიღებულ პერსონალურ ინფორმაციას.
და ამ ყველაფრის ფონზე თქვენ მაინც ვერ გაიგებთ, "ვინ სტუმრობს თქვენს პროფილს ყველაზე ხშირად." ფეისბუქმა არაერთხელ განაცხადა, რომ ასეთი მომსახურების მიღება საიტიდან შეუძლებელია. თუკი რაიმე სახის ციფრებს ან ინფორმაციას გამოგიგზავნიან, ის გაყალბებული იქნება.
სამაგიეროდ საიტი შეძლებს გამოიყენოს თქვენი ანგარიში საკუთარი ინტერესებისთვის, დააგზავნოს ვირუსები თქვენი სახელით, დაალაიქოს სხვადასხვა გვერდი თქვენს ნაცვლად, გაგაწევრიანოთ სხვადასხვა არასასურველ ჯგუფში (ხვალ შეგიყვარებ დღეს არ მცალია, ყველაზე ლამაზები, როგორ ვიშოვოთ ფული 5 წუთში და ა.შ.) გამოიყენოს თქვენი ფოტოები ყალბი პროფაილის (fake-profile) შესაქმნელად და იმოქმედოს თქვენი სახელით.
ასეთი საიტების მსხვერპლად ქცევა დაგაზარალებთ არა მარტო თქვენ, არამედ თქვენს მეგობრებსაც. დიდი ალბათობით, აპლიკაცია თქვენი მესინჯერის გამოყენებით სპამს გაუგზავნის თქვენს ფრენდებს და შეიძლება ისინიც ჩაითრიოს ამ სქემაში. ამ ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ დიდხანს შეიძლება.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი გირჩევთ ყურადღებით დააკვირდეთ, რა სახის მომსახურებას გთავაზობთ ესა თუ ის საიტი ან აპლიკაცია და რის სანაცვლოდ. არ მისცეთ საეჭვო გვერდებსა და აპლიკაციებს იმის უფლება, რომ მოიპოვონ წვდომა თქვენს ანგარიშზე, e-mail-ზე, ინბოქსზე, დაპოსტონ თქვენს ნაცვლად და დაგაზარალონ თქვენ და თქვენი მეგობრები.
იმის შესახებ, თუ როგორ დაიცვათ თქვენი პერსონალური მონაცემები ონლაინ, უფრო დეტალურად შეგიძლიათ ამ ლინკზე წაიკითხოთ" - ვკითხულობთ განცხადებაში.