ვულოცავ ბატონ ვიქტორს ჩვენს გუნდში დაბრუნებას და ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე წარდგენას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე ვიქტორ დოლიძის კანდიდატურის წარდგენისას განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, ვიქტორ დოლიძე კოალიცია “ქართული ოცნების“ აქტიური წევრი იყო, რომელიც პირველივე დღეებიდან მონაწილეობდა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულების გაძლიერებაში.
კვირიკაშვილის თქმით, ვიქტორ დოლიძეს აქვს კარგი კონტაქტები და დასავლური სამყარო იცნობს, როგორც გამოცდილ და კარგ დიპლომატს.
"ვიქტორ დოლიძე პარლამენტში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის კომიტეტს ხელმძღვანელობდა და ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა პარლამენტისა და მთლიანად ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებთან ურთიერთობის საქმეში. ვიქტორ დოლიძე ყოველთვის იყო ჩვენი ხელისუფლების კონსტრუქციული პარტნიორი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტურქტურებთან დაახლოების გზაზე. მიუხედავად იმისა, კოალიციის სახელით უწევდა ამ საქმეზე მუშაობა, თუ შემდგომში უკვე მოგვიანებით ამ სტატუსის გარეშე. ვულოცავ ბატონ ვიქტორს ჩვენს გუნდში დაბრუნებას და ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან თანადებობაზე წარდგენას“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დავით ბაქრაძე კი აშშ-ში საქართველოს ელჩი გახდება. მას გიორგი კვირიკაშვილმა გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.