მოსალოდნელ ყინვებთან დაკავშირებით წყლის კომპანიები "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", "რუსთავის წყალი" და "მცხეთის წყალი" აბონენტებს რეკომენდაციით მიმართავენ.
"მოსალოდნელ ყინვებთან დაკავშირებით, წყალსადენი სისტემისა და აღრიცხვის კვანძის მოყინვის თავიდან აცილების მიზნით, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები და მითითებები: აბონენტებმა, რომლებიც სარგებლობენ მრიცხველით, სასურველია შეფუთონ მათ კუთვნილებაში არსებული, ზედაპირულად და ღია სივრცეში განლაგებული წყალსადენი ქსელები და აღრიცხვის კვანძები. ასევე, რეკომენდირებულია, დატოვონ ონკანი მოშვებული წყლის მცირე ჭავლით.
კომპანიის რეკომენდაციების გათვალისწინება განსაკუთრებით აუცილებელია თბილისის ზედა ზონების მოსახლეობისა და იმ აბონენტებისთვის, რომლებთანაც არსებობს კომუნიკაციების მოყინვის დიდი ალბათობა", - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.