ვინ ასწავლის სახელმწიფო ენას არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგებს?

ვინ ასწავლის სახელმწიფო ენას არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგებს?

საქართველოში არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგთა რაოდენობა დაახლოებით 6900-ს შეადგენს. მათი ძირითადი ნაწილი სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და კახეთშისაქმიანობს. რამდენიმე წელია, არაქართულოენოვანი სკოლების პედაგოგების პროფესიული განვითარებისა და მათთვის ქართული ენის სწავლების მიზნით, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სხვადასხვა აქტივობას ახორციელებს.

საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების სახელმწიფო ენის სწავლებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის სტრატეგიის ფარგლებში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმაცენტრმა სხვადასხვა სახის ღონისძიებების განხორციელება 2009 წლიდან დაიწყო.

რა გაკეთდა აქამდე და რა კეთდება ამჟამად საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის სწავლებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის მიმართულებით და ვინ ზრუნავს არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების მასწავლებლების პროფესიულ განვითარებაზე, ამის შესახებ AMBEBI.GE მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამის მენეჯერს თამუნა კეკელიძეს ესაუბრა.

- ქალბატონო თამუნა, რა პროექტები განუხორციელებია და რას ახორციელებს ამჟამად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგებისთვის სახელმწიფო ენის შესწავლის მიზნით?

-2016 წლიდან საქართველოში "არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა"ხორციელდება. აღნიშნული პროგრამა აერთიანებს წარსულში განხორციელებულ პროგრამებს, ესენია: "ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა" და "ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის". თუ ადრე, ძირითადად, აქცენტი კეთდებოდა არაქართულენოვან სკოლებში ქართულის, როგორც მეორე ენის გაუმჯობესების საკითხზე, უშულოდ ამ სკოლების საკადრო პრობლემების მოგვარებაზე, ამ ეტაპზე საქმიანობას კიდევ ერთი მსხვილი მიმართულება დაემატა. ჩვენი პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივ მასწავლებლებს სახელმწიფო ენის შემსწავლელ კურსებს ვთავაზობთ. ეს არის გრძელვადიანი, ინტენსიური კურსი. შესაბამისად, ხელს ვუწყობთ ენობრივი კომპეტენციების გაუმჯობესებას. ბუნებრივია, ეს არის პროფესიული განვითარების წინაპირობა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში. გარდა ამისა, მეორე მიმართულებაც ხორციელდება, რაშიც საგნობრივი ტრენინგები იგულისხმება. ჩვენ არაქართულენოვანი სკოლების ადგილობრივ მასწავლებლებს მათ მშობლიურ ენაზე საგნობრივ ტრენინგებს ვთავაზობთ. დღეისთვის, აზერბაიჯანულენოვანი მასწავლებლების ნაწილისთვის უკვე ჩატარდა ისტორიის, ფიზიკის, მათემატიკის საგნობრივი ტრენინგები მშობლიურ ენაზე. მომავალშიც გავაგრძელებთ იგივე მიმართულებით მუშაობას და შეძლებისდაგვარად, ტრენინგის გავლის ყველა მსურველს მოვიცავთ.

- როგორია სტატისტიკური მონაცემები, რამდენი ადამიანის გადამზადება მოახერხეთ აღნიშნული პროგრამების ფარგლებში?

- დღეისთვის 114 კონსულტანტ-მასწავლებელი და 162 დამხმარე მასწავლებელი გვყავს. ჩვენ, მეორე წელია,ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულებსშესაძლებლობას ვაძლევთ, მონაწილეობა მიიღონ კონკურსში და მომავალში მასწავლებლის პროფესიით გააგრძელონ მუშობა. ეს ადამიანები, გარდა მშობლიური ენისა, ძალიან კარგად ფლობენ ქართულ ენას. ისინი მუშაობენ სკოლებში, სადაც თავად სწავლობდნენ. ეს არის ძალიან კარგი მოტივაცია სხვა ახალგაზრდებისთვისაც. რადგან ხედავენ, რომ ადამიანი, რომელმაც ისწავლა სახელმწიფო ენა, შეძლო ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა, მიდის თავისსავე სოფელში, მუშაობს დამხმარე მასწავლებლად. ჩვენ ვაძლევთ მას პროფესიული ზრდის შესაძლებლობას, ასევე უფინანსდება მაგისტრატურა, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნების მიმართულებით, მას შემდეგ რაც დაამთავრებსპროგრამაში მონაწილეობას.

რაც შეეხება პროგრამის ფარგლებში შეთავაზებულ ენის კურსს, მას უძღვებიან ამავე პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებლები. კურსში, თავდაპირველად, დაახლოებით 750-მდე მასწავლებელიჩაერთო, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო, (ძირითადად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, საქართველოს ფარგლებს გარეთ საცხოვრებლად გადასვლა) საბოლოოდ მათი რიცხვი 540-მდე შემცირდა. საბოლოო შეფასებაში ჩართული იყო A1 დონის 193 და A2დონის 381მსმენელი. რაც შეეხება დამაკმაყოფილებელ შედეგს, A1 დონე წარმატებით გაიარა 135-მა მსმენელმა, ხოლო A2 დონე 232-მა მსმენელმა. ოქტომბრიდან მეორე ნაკადთან მუშაობა დავიწყეთ, ვისაც სახელმწიფო ენის კურსის გავლის სურვილი აქვს. იმედია, შედეგები კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება. რაც შეეხება საგნობრივ ტრენინგს, დღეისთვის ხოლოდ 85 მასწავლებელია გადამზადებული ისტორიის, ფიზიკისა და მათემატიკის მიმართულებით. ესენი, ძირითადად, ბოლნისის და მარნეულის აზერბაიჯანულენოვანი სკოლების მასწავლებლები არიან.

-რა ხანგრძლივობისაა სასწავლო კურსები?

- ენის კურსი ინტენსიური, ხუთ თვიანია. ხუთი თვის შემდეგ საბოლოო შეფასება კეთდება წერისა და ზეპირ კომპონენტში. შემდეგ მსმენელები პროფესიული უნარების 48 საათიან ინტენსიურ ტრენინგს გადიან. საგნობრივი ტრენინგები ძირითადად 36საათიანი მოდულებისგან შედეგება.

- როგორია პროცედურები პროგრამაში მოსახვედრად, რა გზა უნდა გაიაროს გადამზადების მსურველმა სასწავლო კურსის გავლამდე?

-ჩვენ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შუამავლობით, რესურსცენტრებს მივმართავთ. მათ ვუგზავნით შესაბამის ბაზას, სადაც ისინი ინფორმაციას აწვდიან სამიზნე სკოლებს. სკოლის დირექცია უზრუნველყოფს მასწავლებლების ინფორმირებას.დირექტორი ინფორმაციას აწვდის რესურსცენტრს, რესურცენტრი კი, ჩვენ.

-ვინ უტარებს ტრენიგებს გადამზადების მსურველ პედაგოგებს. რა კვალიფიკაციის მქონე პირები უზრუნველყოფენ მასწავლებლების სწავლებას?

-პროგრამის ფარგლებში, 2016 წელს გამოვაცხადეთ სომხურენოვანი, აზერბაიჯანულენოვანი და რუსულენოვანი საგნობრივი ტრენერების კონკურსი. მათ ბუნებრივია უნდა სცოდნოდათ ეთნიკური უმცირესობის ენა, სახელმწიფო ენა და აუცილებლად საგანი. მათ თავადაც გაიარეს ტრენერთა ტრენინგი. რაც შეეხება სახელმწიფო ენის კურსებს, მას ატარებენ ჩვენი პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებლები.

-ზოგადად, სახელმწიფო ენის სწავლების მნიშვნელობაზე რომ ვისაუბროთ, რა სარგებელს ღებულობენ გადამზადებული პედაგოგები, როდესაც უკვე ქართული ენის ფლობაც შეუძლიათ?

-ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ენის ცოდნა მათთვის ამ საზოგადოებაში ინტეგრაციის საშუალებაა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა უმაღლესი განათლება საქართველოში მიიღონ და მომავალში დასაქმდნენ. ამის არა ერთი მაგალითი არსებობს. თუ ახალგაზრდები ისურვებენ, რომ გააგრძელონ მასწავლებლის პროფესიით მუშაობა, ჩვენ მათ ამის შესაძლებლობას ვაძლევთ. რამდენადაც ვიცი, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, ხშირად, ვინც იცის სახელმწიფო ენა, სწორედ ისინი აღწევენ წარმატებას, საჯარო სექტორში საქმდებიან. ამდენად, სახელმწიფო ენის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებაში ინტეგრაციის, დასაქმების თვალსაზრისით. ვფიქრობ, ამ მხრივ წელს გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე, თუნდაც რამდენიმე წლის წინ. სავარაუდოდ, დეკემბრიდან, არაქართულეოვანი სკოლების ადგილობრივი მასწავლებლებს, ვინც ქართული ენის ფლობის A2 დონედაადასტურა, პროფესიული უნარების ტრენინგს ჩავუტარებთ. ორენოვანი ფასილიტატორები ნებისმიერი საჭიროების დროს, თავად შეძლებენ მშობლიურ ენაზე მსმენელების დახმარებას.არაქართულენოვან მასწავლებლებს ენის ცოდნა მისცემს შესაძლებლობას, პროფესიული განვითარების უფრო მრავალფეროვან კურსებში ჩაერთონ.

- როგორია პროგრამის გეოგრაფიული დაფარვა, რომელი რეგიონები მოიცავით?

-სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და კახეთი, თუმცა ეთნიკური უმცირესობების სკოლები, ან სექტორი გვაქვს რუსთავშიც, თბილისშიც...თუ მათ სურვილი ექნებათ, ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ, ქართულის, როგორც მეორე ენის და საგნის ინტეგრირებული სწავლების გრძელვადიანი მეთოდური კურსი, მაგრამ ამ ეტაპზე, ძირითადი აქცვენტი კეთდება სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის არაქართულელოვანი სკოლების ადგილობრივი მასწავლებლების პროფესიულ განვითარებაზე. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის თებერვალში 6902 არაქართულელოვანი სკოლების მასწავლებლებს, სკოლებს, რესურსცენტრებს დაურიგდათ მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერულიწინსვლის სქემა, სქემის გზამკვლევის პირველი ნაწილი და თვითშეფასების კითხვარი, მათ მშობლიურ ენაზე ნათარგმნი. პროგრამის ფარგლებში, ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ, რომ ისინი პროფესიული რესურსებით უზრუნველყოფილი იყვნენ.

ნატალია დადიანი, Ambebi.ge

(R)

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი