მას შემდეგ, რაც "პალიტრამედიამ" უარი თქვა ონლაინკაზინოებისა და ბეთების რეკლამირებაზე და წამოიწყო სოციალური კამპანია "არ ითამაშო - იცხოვრე", ყოველდღიურად ვრწმუნდებით, რომ ეს სწორი და აუცილებელი გადაწყვეტილება იყო.
მკითხველები, მსმენელები თუ მაყურებლები წერილებში, სატელეფონო ზარების თუ მედიასახლში პირადი ვიზიტისას ონლაინკაზინოებით გაუბედურებულ თავიანთ ოჯახის წევრებზე თუ მეგობრებზე ისეთ ამბებს ჰყვებიან, რომ ზოგჯერ ფიქრობ, ნუთუ შეიძლება, ადამიანი ასე დაეცეს? სამწუხაროდ, ეს რეალობაა. ასევე, ფაქტია, ის ტრაგიკული შემთხვევები, რაც გაგვიშუქებია თამაშდამოკიდებულ ადამიანებთან დაკავშირებით, მხოლოდ ზღვაში წვეთია. თუმცა იმაშიც დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს სოციალურ კამპანიას მისი დაწყების პირველივე დღიდან შედეგი აქვს. თუნდაც ჩვენს მედიასაშუალებებში რეკლამის აკრძალვის შედეგად - "პალიტრამედია" იმხელა აუდიტორიას მოიცავს, რომ წარმოიდგინეთ, ასიათასობით მკითხველს, მსმენელს თუ ტელემაყურებელს (მათ შორის არასრულწლოვნებს) არ ექმნება ცრუსარეკლამო ილუზია, რომ "წავიდეს, ითამაშოს და უცბად გამდიდრდეს". რა თქმა უნდა, ჩვენმა მედიაჰოლდინგმა შეგნებულად თქვა უარი საკმაოდ სოლიდურ შემოსავალზე, თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით, რომ თუნდაც ერთი ოჯახი გადაგვერჩინა გაღატაკებისა და გაუბედურებისგან.
წაიკითხეთ: "ვირუსი", რომლითაც საქართველოში 400 000 ადამიანია დაავადებული
თავისთავად, ონლაინკაზინოებისა და ონლაინბეთების მეპატრონეებსა თუ წარმომადგენლებს არ მოსწონთ, რომ ხელი აღარ მიუწვდებათ "პალიტრამედიის" აუდიტორიაზე. მათ აღიზიანებთ სოციალური კამპანია "არ ითამაშო - იცხოვრე". თუმცა ყველაზე მეტად აი, რისი ეშინიათ: - ემანდ, კამპანიამ მიზანს არ მიაღწიოს და საკანონმდებლო დონეზე არ დაწესდეს შემზღუდავი რეგულაციები ონლაინკაზინოებსა თუ ბეთებზე, ვაითუ, ვეღარ ითამაშონ არასრულწლოვნებმა, რაც მათი ძირითადი სამიზნე ჯგუფია და ზოგადად, შეიქმნას ბარიერი თამაშდამოკიდებულების ჩიხისკენ მიმავალ გზაზე. სწორედ ეს არის მათთვის მთავარი პრობლემა - რეგულაციების დაწესებით ონლაინკაზინოები და ბეთები რისკჯგუფებში მყოფ მოქალაქეებს თამაშში მილიონებს ვეღარ მოუგებენ და ვეღარ გაღლეტენ.
წაიკითხეთ: ლეგალიზებული ეროვნული უბედურება! - ვინ ლობირებს ონლაინკაზინოებს?!
ამ გაღიზიანებისა და შფოთის სადემონსტრაციოდ სულ პატარა მაგალითს მოგიყვანთ. აგერ, ერთ-ერთი ონლაინტოტალიზატორ "ევროპაბეთის" თანამშრომელმა, ვინმე ლაშა გოგუამ, "ფეისბუკში" დაწერა: "სანამ ამ ქვეყანაში იარსებებს "პალიტრამედია", ინტერნეტის ქართული ბაზარი არ განვითარდება. ვაცხადებ როგორც ერთ-ერთი იმ კომპანიის მარკეტინგის დირექტორი, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი დიჯიტალ ბიუჯეტი აქვს... ისე გამახსენდა, უბრალოდ".
ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ამ კონკრეტულ ონლაინბეთს შეექმნა ის პრობლემა, რომ ინტერნეტრეკლამისგან შესაბამის ეფექტს ვეღარ იღებს. ეს არც არის გასაკვირი, რადგან როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ონლაინკაზინო-ბეთებისთვის "პალიტრამედიის" მედიასაშუალებები აკრძალული ზონაა. ჰოდა, ამით გაღიზიანებულ ვაჟბატონს ისე გაახსენდა, უბრალოდ"(!).
ჩვენ ხომ ვიცით, სინამდვილეში, რა აშფოთებთ ონლაინკაზინოების წარმომადგენლებს. ძალიან კარგი, თუ ინტერნეტრეკლამა მათთვის ეფექტიანი აღარ არის და სწორედ ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი მიზანი. ზოგადად კი, რაც უფრო შეუმცირდებათ სარეკლამო ბიუჯეტი, მით უკეთესი.
თორემ აგერ გადაუხდი ფულს ინტერნეტში ისეთ საიტს, რომელსაც, შესაძლოა, მაღალი რეიტინგი არც აქვს, მაგრამ ძირითადი აუდიტორია ახალგაზრდულია, ან რომელიმე დიდ ტელევიზიას, ან სულაც საზმაუწყებელს (ხაზს ვუსვამ - საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც მოსახლეობის ფულით ფინანსდება და წესით, სწორედ საზოგადოებრივ პრობლემებზე უნდა იყოს ორიენტირებული) და ჩაგისვამს ონლაინკაზინოს რეკლამას, მაგალითად, საქართველოს ნაკრების თამაშის ტრანსლაციისას, ანუ იმ დროს, როდესაც ტელევიზორს ყველაზე მეტი არასრულწლოვანი და ახალგაზრდა უყურებს. ვის-ვის და, საზოგადოებრივი არხის მესვეურებს მეტი პასუხისმგებლობა მართებთ ასეთი გადაწყვეტილებისას - იმის გამო, რომ ფული შეუვიდეთ ტელევიზიაში (თუნდაც დიდი), არა მგონია, ამ ზნეობრივ კომპრომისზე წასვლა ღირდეს.
წაიკითხეთ: "ელიოზებად" ქცეული კაზინოს ტყვეები
კოლეგებო, ჟურნალისტებო, ჩვენი მთავარი მისია ხომ უკეთესი სახელმწიფოს შექმნაში მონაწილეობაა! იქნებ ღირდეს, დაელაპარაკოთ თქვენს ხელმძღვანელებს და უარი თქვათ ამ სახის სარეკლამო შემოსავალზე?! რა თქმა უნდა, არა გვაქვს ილუზია, რომ ამის შემდეგ აღარავინ ითამაშებს, მაგრამ მასობრივად ხალხის გაღლეტასა და ახალგაზრდების ცდუნებაში ხელს არ შევუწყობთ ონლაინტოტალიზატორებს.
ონლაინკაზინოების წარმომადგენლებმა კი რა სტატუსებიც უნდა გამოაცხონ, სოციალური კამპანია "არ ითამაშო - იცხოვრე" გაგრძელდება და უფრო დიდ და ფართო მასშტაბს შეიძენს. თუმცა, მხოლოდ სოციალური კამპანია პრობლემას ვერ მოაგვარებს. ჰოდა, ამას კი ვწერთ ხელისუფლების საყურადღებოდ:
სისხლის სამართლის კოდექსში არის ასეთი მუხლი - დანაშაულის შეუტყობინებლობა, ანუ როცა ადამიანმა იცის, რომ დანაშაული ხდება ან მოხდა და დუმს. სხვათა შორის, დანაშაულის შეუტყობინებლობიდან ერთი ნაბიჯია უფრო მძიმე მუხლამდე - თანამონაწილეობა. ახალ საპარლამენტო უმრავლესობაში ბევრი იურისტია და კარგად დაფიქრდნენ ამაზე. რატომ? იმიტომ, რომ ველოდებით, ახალარჩეული პარლამენტი ერთ-ერთ პირველ სხდომაზე განიხილავს თუ არა საკითხს ონლაინკაზინოებისა და ონლაინბეთებისთვის შემზღუდავი რეგულაციების დაწესების შესახებ. თუ მრავლისმეტყველი დუმილი გაგრძელდა, მაშინ უკვე საზოგადოებასთან ერთად მწვავედ დავსვამთ კითხვას - გვაქვს თუ არა საქმე თანამონაწილეობასთან?!...
ისე, ძალიან საინტერესოა, რატომ გაჭიანურდა აქამდე ამ პრობლემის (რბილად რომ ვთქვათ) მოგვარება - ანუ ათეულათასობით ჩვენი მოქალაქის გაუბედურების, ოჯახების დანგრევისა და თვითმკვლელობების გამომწვევი მიზეზების შეზღუდვა.
2015 წლის დეკემბერში ჯერ კიდევ პრემიერობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა:
(ციტატა) "ჩვენი წინასწარი მონაცემებით, საკმაოდ დამაზიანებელია ეს ბიზნესი (ონლაინკაზინოები), თუ არ იქნა ძალიან მკაცრი რეგულაციები. მე უბრალოდ მინდა გავერკვე, როგორ შეიძლება ამ ტიპის ბიზნესში მკაცრი რეგულაციების აღსრულება. თუ ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ასეთი რეგულაციების აღსრულება ფიზიკურად შეუძლებელი იქნება, შესაძლოა, სხვა ტიპის ზომებიც მივიღოთ. მაგრამ ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ საფუძვლიანად შევისწავლით ამ საკითხს და ვეცდებით, რომ ის ზიანი, რომელიც ბუნებრივია, მოქალაქეებისთვის მოაქვს ამ ბიზნესს და ნამდვილად არის ეს პრობლემა ჩვენი საზოგადოების, თავიდან იქნას აცილებული" (ციტატის დასასრული).
ორიოდე კვირაში ერთი წელი სრულდება ამ განცხადებიდან და ჩვენც და საზოგადოებაც ველოდებით ონლაინკაზინოების შემზღუდავი რეგულაციების თუნდაც პროექტს, რომ საზოგადოებასთან ერთად მოხდეს ამ საკითხის განხილვა.
ჩვენ არ ვთვლით, რომ ეს რიგითი, უმნიშვნელო საკითხია, რომელიც მოიცდის.
არასამთავრობოების კვლევებით, ონლაინკაზინოებში თამაშობს საქართველოს 400 000 მოქალაქე, ანუ საქართველოს მოსახლეობიდან ყოველი მეოთხე! მხოლოდ 2014 წლის მონაცემებით, სათამაშო ბიზნესის შემოსავალმა 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ანუ ეს 2 მილიარდი ჩვენმა და თქვენმა თანამოქალაქეებმა წააგეს, ბატონებო!
ერთი საინტერესო დეტალი იმათთვის, ვინც მიიჩნევს, რომ ონლაინკაზინოებზე შეზღუდვების დაწესების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტი რაიმე შემოსავალს დაკარგავს - პირს ჩვეულებრივი სამორინეს მოსაწყობად საჭირო მოსაკრებლის გადახდის შემდეგ, ონლაინკაზინოს გახნის უფლებაც ენიჭება. შესაბამისად, მისი ამუშავების შემთხვევაში, დამატებით აღარაფერს იხდის, ანუ ონლაინკაზინოს შემოსავალი, ფაქტობრივად, არ იბეგრება, ანუ ეს ფული სახელმწიფო ბიუჯეტისთვის დაკარგულია.
ვეჭვობთ, რომ პრემიერის ზემოხსენებული განცხადების შემდეგ ონლაინკაზინოების მეპატრონეებმა ხელისუფლებაში მფარველებისა და ლობისტების ძებნა დაიწყეს ან ძველი მფარველები გაააქტიურეს. სხვანაირად, ლოგიკურად ვერ ავხსნით, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ხელისუფლება დუმს იმ პრობლემაზე, რომელმაც მასშტაბებით ნარკომანიას გაუსწრო.
და მაინც ვიმედოვნებთ, რომ პარლამენტი პირველივე სხდომებზე გააქარწყლებს ჩვენს ეჭვებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფლებას ვიტოვებთ, ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში დავინტერესდეთ, მაღალჩინოსნებიდან ვინ არის თანამონაწილე ონლაინ-უბედურებისა და ამ ყოველივეს შემხედვარე, ვინ დუმს, რაც თანამონაწილეობაზე არანაკლები დანაშაულია.
გიორგი კვიტაშვილი
"კვირის პალიტრა"