წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში მშობლების მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი ზუგდიდის რაიონის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მამაკაცი პოლიციამ სახლის მახლობლად ტყეში ხეზე ჩამოკიდებული აღმოაჩინა. ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა.
"პაციენტი საშუალოზე მძიმე მდგომარეობაში შემოიყვანეს ჩვენთან. ეტაპობრივად კონტაქტზეც გამოდის. მამაკაცი მედიკამენტების ქვეშ იმყოფება და შესაბამისი კვლევები და მკურნალობა უტარდება", - განაცხადა ექიმმა ნინო მგალობლიშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა.
როგორც "ინტეპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 19 ნოემბერს, წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში, 1981 წელს დაბადებულმა ი.ქ.-მ, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მშობლებს - 1931 წელს დაბადებულ ვ.ქ.-ს და 1931 წელს დაბადებულ რ.გ.-ს თავისა და კისრის არეში ნაჯახით მრავლობითი დაზიანება მიაყენა.
მიყენებული დაზიანებების შედეგად, ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული ფსიქიკურადაა დაავადებული და შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში აღრიცხვაზე იმყოფება.