2015-2016 წლებში კახეთის გამგეობებში პრემია-დანამატების სახით 3 მილიონამდე ლარი გაიცა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის მოკვლევის შედეგად გამოირკვა, რომ ყველაზე მეტ პრემია-დანამატებს თანამდებობის პირები ქალაქ თელავის მერიასა და ახმეტის გამგეობაში იღებენ.
საინფორმაციო ცენტრების ქსელმა 1-ელ სექტემბერს კახეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტებიდან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია გამგეობების (მერიის) ცალკეულ თანამდებობის პირებზე და სხვა საჯარო მოხელეებზე 2015 წლის 1 იანვრის შემდეგ გაცემული პრემიების და დანამატების შესახებ.
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პრემია ფულად წახალისებას გულისხმობს და მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში შეიძლება გაიცეს (სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულება; ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახური, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულება), ხოლო დანამატი მოიცავს არასამუშაო საათებში, სადღესასწაულო და დასვენების დღეებში ზეგანაკვეთური მუშაობისათვის განკუთვნილ დამატებით საზღაურს.
მუნიციპალიტეტების გამგეობებიდან (მერიიდან) ინფორმაცია მოთხოვნილ იქნა შემდეგ საკითხებზე:
1) 2015 წლის 1 იანვრიდან დღემდე რა ოდენობის თანხა იქნა გაცემული პრემიის და დანამატის სახით მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირებზე; გთხოვთ თითოეულ შემთხვევაში პერსონალურად მიუთითოთ: თანამდებობის პირის ვინაობა და დაკავებული თანამდებობის დასახელება; პრემიის (დანამატის) ოდენობა და გაცემის თარიღი; პრემიის (დანამატის) გაცემის სამართლებრივი საფუძველი;
2) 2015 წლის 1 იანვრიდან დღემდე რა ოდენობის თანხა იქნა გაცემული პრემიის და დანამატის სახით მუნიციპალიტეტის გამგეობის სხვა საჯარო მოსამსახურეებზე; გთხოვთ, მიუთითოთ გაცემული პრემიისა და დანამატის ჯამური ოდენობა (ცალ-ცალკე) გამგეობის/მერიის ცალკეული სამსახურების მიხედვით, პრემიის და დანამატის გაცემის თარიღი; პრემიის (დანამატის) გაცემის სამართლებრივი საფუძველი.
ინფორმაცია კანონით დადგენილ მაქსიმალურ, 10-დღიან ვადაში მოგვაწოდეს გურჯაანის, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის გამგეობებმა.
განცხადების კითხვარის შესაბამისად ზუსტი ინფორმაცია მივიღეთ მხოლოდ გურჯაანისა და საგარეჯოს გამგეობებიდან. დანარჩენ შემთხვევაში საჯარო მოხელეებზე გაცემული პრემია-დანამატების ოდენობა მითითებულია მხოლოდ ჯამური თანხით. ამასთან, მუნიციპალიტეტების ნაწილმა ცალ-ცალკე არ მიუთითა გაცემული პრემიებისა და დანამატების ოდენობა, ასევე მათი გაცემის სამართლებრივი საფუძვლები (ახმეტის გამგეობა, ქალაქ თელავის მერია). გარდა ამისა, ქალაქ თელავის მერიამ წერილობით ინფორმაციაში პერსონალურად არ ასახა კონკრეტული თანამდებობის პირებისა და ცალკეული სამსახურების მოხელეთა მიერ მიღებული თანხის ჯამური ოდენობები.
აღსანიშნავია, რომ საჯარო ინფორმაცია მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემდეგ გასცა ახმეტის გამგეობამ. პასუხი ამ დაწესებულებიდან მივიღეთ 2016 წლის 11 ნოემბერს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ გამგეობიდან გამოგზავნილი წერილი დათარიღებულია 14 სექტემბრით და რეგისტრაციაშიც იმავე დღეს არის გატარებული.
პრემიებისა და დანამატების ჯამური ოდენობა 2015-2016 წლებში
კახეთის რეგიონის ცალკეული მუნიციპალიტეტების აღმასრულებელ დაწესებულებებში (გამგეობა/მერია) 2015 წლის 1 იანვრის შემდეგ გაცემული პრემიებისა და დანამატების ჯამური ოდენობა ასე გამოიყურება:
თელავის (თემი) გამგეობა - 624 707 ლარი;
გურჯაანის გამგეობა - 368 937 ლარი;
სიღნაღის გამგეობა - 344 204 ლარი;
ყვარლის გამგეობა - 342 150 ლარი;
ქ. თელავის მერია - 329 400 ლარი;
ახმეტის გამგეობა - 297 690 ლარი;
საგარეჯოს გამგეობა - 297 330 ლარი;
დედოფლისწყაროს გამგეობა - 280 413 ლარი;
ლაგოდეხის გამგეობა - 267 510 ლარი.
საერთო ჯამში კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგეობებსა და ქალაქ თელავის მერიაში თანამდებობის პირებსა და სხვა მოხელეებზე 2015 წლის 1 იანვრის შემდეგ პრემია-დანამატების სახით გაცემულია 2 822 941 ლარი.