მაშინ, როდესაც ქვეყანა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგობის კვირეულისთვის ემზადება ზუგდიდში, შუა ქალაქში, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე 16 წლის გოგონა სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს.
მანამდე, მარიამ მორგოშიას სუიციდის მცდელობა ორჯერ ჰქონდა. მეზობლების ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში გამოძახებული იყო სამართალდამცავი ორგანოები და სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა შემდგომში არასრულწლოვანის მდგომარეობით სახელმწიფოს არც ერთი უწყება არ დაინტერესებულა.
გარდაცვლილს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, მისი ოჯახური პირობებიდან გამომდინარე არ ჰქონდა. მეზობლების ინფორმაციით, მარიამის დედა და მამინაცვალი, რომლებიც ზუგდიდში, ე.წ. "ბარაკებში" ცხოვრობენ, ალკოჰოლდამოკიდებულები არიან და მუდმივად არაფხიზელ მდომარეობაში იმყოფებიან.
"უპატრონო ბავშვი იყო... სახლში მოვიდოდა, აქ აურზაური და ნასვამი ადამიანები ხვდებოდნენ და გარბოდა. ყველა ლოთი და ნარკომანი აქ იკრიბება, არანორმალური გარემო იყო სულ კივილი ჩხუბი და გარჩევები...ბავშვები ღამეს ქუჩაში, ტექნიკუმის ყოფილ შენობაში (კოლეჯის ყოფილ შენობაში ამჟამად დევნილები ცხოვრობენ. ავტ) ან ინტერნეტ კაფეებში ათევდნენ. მარიკა რთული ხასიათის იყო, თავისებური, მაგრამ ეს გიკვირთ ?? აქ არავინ მოდიოდა, არც სოციალური მუშაკები არც პოლიცია... ყველამ ყველაფერი იცოდა", - ყვება გარდაცვლილის მამინაცვლის და ირინა კრავჩენკო.