ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი "ფეისბუქის" გვერდზე "ექსპოჯორჯიას" მე-11 პავილიონში "თბილისის წიგნის დღეების" ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ გამომცემლობათა სტენდებზე ორგანიზატორები ქართულ წარწერას არ აკეთებენ.
"უკიდურესად გავბრაზდი იმის გამო, რომ უკვე მეორე წელია, "ექსპოჯორჯიის" მე11 პავილიონში "თბილისის წიგნის დღეები" იმართება და გამომცემლობათა სტენდებზე ორგანიზატორები ქართულ წარწერას არ აკეთებენ.
შარშან ამის გამოსწორება თავაზიანად ვითხოვე.
არაფერი ამართლებს სახელმწიფო ენის უგულებელყოფას, მით უფრო წიგნის ფესტივალზე, სადაც 95% წიგნებისა სწორედ სახელმწიფო ენაზე, ანუ ქართულად არის დაბეჭდილი.
მხოლოდ "პალიტრა ელმა", "სანტა ესპერანსამ", "წიგნები ბათუმში", ქარჩხაძისა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობებმა საკუთარი მცდელობით გააკეთეს ქართული წარწერა.
ძალიან უკმაყოფილო ვტოვებ პავილიონს. მაქვს იმედი, რომ მომავალში ქართულ ენას ასე უპასუხისმგებლოდ არ მოვექცევით", - წერს გოგა ჩანადირი.