კვლევის თანახმად, სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღების ინიციატივას გამოკითხულ მოქალაქეთა 76% ემხრობა.
ასეთი შედეგი აჩვენა კვლევამ, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" დაკვეთით, საკანონმდებლო ინიციატივების მიმართ დამოკიდებულებების შესახებ ჩატარდა. საქართველოს სამ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მოქალაქეების გამოკითხვის შედეგად, ჯამში 1000 ინტერვიუ შედგა. მათგან თბილისიდან - 250 მძღოლი და 250 ქვეითია, ხოლო თითოეული რეგიონული ქალაქიდან - 125 მძღოლი და 125 ქვეითი.
კვლევის თანახმად, სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღების ინიციატივას გამოკითხულ მოქალაქეთა 76% ემხრობა და მხოლოდ 12% ეწინააღმდეგება. აღსანიშნავია, რომ ინიციატივის მომხრეთა შორის ქვეითები ჭარბობენ (ემხრობა ქვეითების 79%, ხოლო მძღოლების 70%).
ინიციატივის მიმართ პოზიტიური განწყობის მიზეზები, არა მხოლოდ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, არამედ უსაფრთხოების გაზრდასაც უკავშირდება. კერძოდ: მომხრეთა 46% მიიჩნევს, რომ სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღებით ნაკლებად დაბინძურდება გარემო, 37%-ს ნაკლებად შეაწუხებს გამონაბოლქვის სუნი, ხოლო 26% კი მიიჩნევს, რომ გაუმართავი მანქანები ვერ გაივლიან ტექდათვალიერებას, შესაბამისად, შემცირდება გზებზე ავარიების რაოდენობა. აღნიშნულ მოსაზრებას ყველაზე მეტად ქუთაისელები იზიარებენ.
ინიციატივის მოწინააღმდეგეები ძირითად მიზეზად მძღოლებისთვის ზედმეტი ხარჯის დაკისრებას ასახელებენ (55%). ათიდან ოთხი (40%) კი მიიჩნევს, რომ საქართველოს ავტოპარკის დიდი ნაწილი ვერ გაივლის ტექნიკურ დათვალიერებას. საგულისხმოა, რომ ინიციატივის მოწინააღმდეგეთა 39%-ის აზრით, ტექდათვალიერება არ განხორციელდება კეთილსინდისიერად.
რაც შეეხება ზოგად დამოკიდებულებას, საკვლევ ქალაქებში ათიდან ცხრა მოქალაქე (91%) მიიჩნევს, რომ მათ საცხოვრებელ ქალაქში ეკოლოგიის თვალსაზრისით ცუდი მგომარეობაა. აღნიშნულ პრობლემას ყველაზე მეტად თბილისელები უჩივიან - გამოკითხულთა 94% თვლის, რომ თბილისში დაბინძურებული გარემოა, მაშინ როდესაც გამოკითხული ბათუმელებისა და ქუთაისელების 80-82% მიიჩნევს გარემოს დაბინძურებულად საკუთარ ქალაქში. ამ მხრივ, მძღოლებისა და ქვეითების შეხედულებები არ განსხვავდება. ათიდან თითქმის 8 მოქალაქე მიიჩნევს, რომ როგორც ზოგადად საქართველოს, ასევე კონკრეტულად მათი ქალაქის გზებზე საავტომობილო მოძრაობა არ არის უსაფრთხო. თბილისის ხუთიდან ოთხი მცხოვრები მიიჩნევს, რომ საავტომობილო მოძრაობა როგორც ზოგადად საქართველოს (80%), ასევე თბილისის გზებზე (84%) საფრთხისშემცველია.
ნატალია დადიანი
AMBEBI.GE