საქორწინო კონტრაქტები საქართველოში - რაზე თანხმდებიან წყვილები და რამდენი ხელშეკრულებაა გაფორმებული

საქორწინო კონტრაქტები საქართველოში - რაზე თანხმდებიან წყვილები და რამდენი ხელშეკრულებაა გაფორმებული

ბოლო 6 წლის განმავლობაში საქართველოში 177 საქორწინო კონტრაქტი გაფორმდა. სპეციალისტების შეფასებით, თანდათან სულ უფრო და უფრო იზრდება კონტრაქტების მიმართ ქართველი წყვილების დაინტერესებაც. თუმცა, ნოტარიუსთა პალატის ცნობით, საქორწინო ხელშეკრულებებს ძირითადად შერეული წყვილები აფორმებენ, რომელთაგან ერთ-ერთი მეუღლე უცხოელია.

როგორც პალატის წარმომადგენელმა ნანა ქადაგიშვილმა AMBEBI.GE-სთან საუბრისას აღნიშნა, ყოველწლიურად იზრდება იმ ქართველ წყვილთა რიცხვიც, რომლებიც საქორწინო ხელშეკრულებას აფორმებენ, თუმცა ცალკე სტატისტიკა თუ რამდენი შერეული და რამდენი ქართველი წყვილი დებს ქორწინებისას კონტრაქტს, არ არსებობს.

"ხელშეკრულებას უმეტესად შუახნის ასაკის, 30-40 წლის ზემოთ მყოფი ადამიანები აფორმებენ. რაც შეეხება პირობებს, ქართული კანონმდებლობის თანახმად, კონტრაქტში მხოლოდ ქონებასთან და მის განაწილებასთან დაკავშირებული პირობები იწერება, ამიტომ ნაკლებად აისახება პირადი სახის ისეთი საკითხები როგორიცაა - ვინ უნდა დაალაგოს სახლი, ბავშვს ვინ მოუაროს, ვინ უნდა მოამზადოს საჭმელი და ა.შ.," - ამბობს ქადაგიშვილი.

სტატისტიკას რაც შეეხება, 2010 წელს 7 საქორწინო ხელშეკრულება დაიდო, 2011 წელს - 13; 2012 წელს - 21 კონტრაქტი გაფორმდა; 2013 წელს სულ 32 წყვილმა გააფორმა საქორწინო ხელშეკრულება, 2014-ში - 38-მა წყვილმა, 2015 წელს 33 კონტრაქტი გაფორმდა, 2016 წელს კი დღეის მდგომარეობით, ასევე 33 კონტრაქტია გაფორმებული.

საქორწინო კონტრაქტების მიმართ დაინტერესების გაზრდაზე საუბრობს ადვოკატი კოტე გელაშვილიც, რომელიც AMBEBI.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ საზოგადოება ადრე ამ საკითხისადმი სკეპტიკურად იყო განწყობილი, თუმცა თანდათან საქორწინო კონტრაქტების მიმართ დაინტერესება იზრდება.

"ძირითადად ის ადამიანები დებენ ხელშეკრულებას, რომელთაც ქონება აქვთ დაგროვილი. რაც შეეხება ასაკობრივ ზღვარს, ინტერესი დაბალი ასაკის, დაახლოებით 20-25 წლის ადამიანების მხრიდანაც არის. დაზუსტებით იმის თქმა, თუ წყვილიდან რომელია ხელშეკრულების გაფორმების ინიციატორი, რთულია, რადგან უკვე შეთანხმებული და გადაწვეტილი აქვთ, როცა კონტრაქტის გასაფორმებლად მოდიან, მაგრამ უმეტესწილად ინიციატივას მაინც ქალები იჩენენ" - აღნიშნავს გელაშვილი.

ადვოკატი AMBEBI.GE-სთან საუბრისას იმასაც აღნიშნავს, რომ საქორწინო ხელშეკრულებით დაქორწინებული წყვილის განქორწინების შემთხვევა პრაქტიკაში არ აქვს.

საქორწინო კონტრაქტის ცნება ქართულ კანონმდებლობაში 1997 წელს გაჩნდა, როცა ახალი სამოქალაქო კოდექსი ამოქმედდა. თუმცა, როგორც იურისტი კოტე გელაშვილი ამბობს, დაახლოებით 10 წლის განმავლობაში საზოგადოება გაუცხოებული იყო ამ საკითხის მიმართ.

ნოტარიუსთა პალატაში ვერ აკონკრეტებენ, თუ როდის გაფორმდა პირველი საქორწილო ხელშეკრულება საქართველოში. თუმცა, პირველი ქართველი წყვილი, ვინც საქორწილო ხელშეკრულება გააფორმა - გივი ყირიმელი და მარიამ გინტური იყვნენ, რომლებმაც 2013 წელს იქორწინეს. მარიამ გინტური იურისტია, ხოლო გივი ყირიმელი ნოტარიუსთა პალატაში მუშაობს. წყვილს ერთი ვაჟი ჰყავს და ერთად ბედნიერად ცხოვრობენ.

ასევე წაიკითხეთ: პირველი ქართველი წყვილი, რომელმაც საქორწინო კონტრაქტი გააფორმა

თაია არდოტელი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი