"პრაქტიკულად, არ არსებობს ნარკოტიკების მხოლოდ მომხმარებელი. ის ხშირ შემთხვევაში გამსაღებელიცაა ამავდროულად. ეს არაა მხოლოდ გაყიდვა - ასევე, გადაცემას, გადაზიდვას გულისხმობს. ასე რომ, ამ კონტექსტიდან გამომდინარე, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვაში, ჩემი აზრით, აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევაში, უნდა ისჯებოდეს ნარკოტიკების მომხმარებელი. ხშირ შემთხვევაში საქმე გვაქვს მძიმე ნარკოტიკებთან, კოკაინი და ა.შ. რაც შეეხება ე.წ. მსუბუქ ნარკოტიკებს, რაც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს სამართალმცოდნეებში, საზოგადოებაში, სპეციალისტებში (მათი განმარტებით, მსუბუქი ნარკოტიკი - ასეთი გაგება, პრაქტიკულად, არ არსებობს), ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, სახელმწიფოს ჰქონდეს ასეთი მსჯელობა, რომ მოხდეს, პირველ შემთხვევაში, დეკრიმინალიზაცია, ესეც მსჯელობის საგანი უნდა იყოს", - აღნიშნული განცხადება ყოფილმა შს მინისტრმა, "ქართული ოცნების" წევრმა კობა ნარჩემაშვილმა ნარკოტიკების მომხმარებლის დასჯის თაობაზე გააკეთა.
ნარჩემაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში უარყოფითი გამოხმაურება მოყვა:
თინა ხიდაშელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი:
ნეტავ თუ შეიძლება ამაზე მეტად თქვა, 1. გაგებაში არ ხარ ნარკოპოლიტიკის; 2. გაგებაში არ ხარ სახელმწიფოს როლის; 3. გაგებაში არ ხარ საკუთარ ქვეყანაში სისტემის ძალადობის ხარისხის; 4. რეპრესიული სისტემის აპოლოგეტი ხარ; 5. იმ სისტემის შვილი და მადლიერი ხარ, ამ საქმით მილიონებს რომ შოულობს და ახალგაზრდებს აშანტაჟებს
კიდევ ერთხელ ვულოცავ ქართულ ოცნებას ამ ფასდაუდებელ შენაძენს
ნანუკა ჟორჟოლიანი, ტელეწამყვანი:
ესენი მალე ნულოვან ტოლერანტობასაც გამოაცხადებენ. მერე საპროცესოებს დაიწყებენ და მერე ბიზნესი ალაპარაკდება, როგორ აიძულებენ ინვესტიციების ჩადებას.
თამარ ჩერგოლეიშვილი, "ტაბულას" დირექტორი:
ყველა ბარიგა ხართ, ვისაც პლანი მოგიწევიათო. დღეს ჩვენ ყველანი ბარიგები ვართ
ლექსო მაჭავარიანი, "ტაბულას" პროდუსერი:
დასრულდა არჩევნები. ცოტა ხანში მუშაობას დაიწყებს ახალი პარლამენტი, რომლის დღის წესრიგშიც ერთ-ერთ უპირატეს თემად, პოლიტიკოსების წინასაარჩევნო რიტორიკიდან გამომდინარე, ველოდებით ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის საკითხის დაყენებას. ამ დროს რას აკეთებს ხელისუფლება?
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარედ ასახელებს პოლიციის აკადემიის ყოფილ პრორექტორს, ფაშისტ სოფო კილაძეს, რომელიც თვლის, რომ ნარკოტიკის მომხმარებლებს გაფუჭებული გენები აქვთ.
ქართული ოცნების ახლადარჩეული დეპუტატები, კობა ნარჩემაშვილიდან დაწყებული გუგული მაღრაძით დამთავრებული, ერთიმეორის მიყოლებით საუბრობენ იმაზე, რომ ნარკოტიკის მომხმარებლები სახელმწიფოს მხრიდან მუდმივი ზეწოლის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ.
სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ფსიქიატრიული და ნარკოლოგიური დაწესებულებების ხელმძღვანელები ატარებენ პრესკონფერენციებს და შეხვედრებს, სადაც საზოგადოებას აწვდიან არასრულ ან მცდარ ინფორმაციას ნარკოტიკების მოხმარების და დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებული რისკების შესახებ.
პოლიცია ნადირობას აცხადებს დეკრიმინალიზაციის მოძრაობის აქტივისტებზე. უთვალთვალებს მათ, აკავებს, ჩხრეკს, ტომოგრაფიასაც კი უტარებს, ოღონდ რამე კანონსაწინააღმდეგო აღმოაჩინოს. საბედნიეროდ უშედეგოდ.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვინმეს გაქვთ იმის ილუზია, რომ მომდევნო ოთხ წელიწადში მასშტაბური და რადიკალური საპროტესტო გამოსვლების გარეშე, ივანიშვილი და მისი ქართული ოცნება რეალური დეკრიმინალიზაციის მიმართულებით თუნდაც ერთ ქმედით ნაბიჯს მაინც გადადგამენ?