წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ოქტომბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 14.0 %-ით გაიზარდა.
საქართველოს ეროვნული ბანკი ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2016 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 102.5 მლნ აშშ დოლარი, ანუ 241.9 მლნ ლარი შეადგინა, რაც 14.0 პროცენტით (12.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2015 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
სებ-ის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.9 პროცენტი იმ 13 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ოქტომბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 13 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების 91.2 პროცენტი მოდიოდა.
იმ ქვეყნების ხუთეული, საიდანაც საქართველოში 2016 წლის ოქტომბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, ასე გამოიყურება: რუსეთი (34.6 მლნ აშშ დოლარი), აშშ (11.6 მლნ აშშ დოლარი), საბერძნეთი (11.3 მლნ აშშ დოლარი), იტალია (10.2 მლნ აშშ დოლარი), თურქეთი (8.7 მლნ აშშ დოლარი).
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2016 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.8 მლნ აშშ დოლარი (42.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 15.1 მლნ აშშ დოლარისა (36.1 მლნ ლარისა) გასული წლის ოქტომბერში.