რა გამოხმაურება მოჰყვა სომხეთში რუსეთის ახალ ინიციატივას
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, მხარი დაუჭირა მთავრობის წინადადებას, სომხეთის რესპუბლიკასთან გაფორმდეს შეთანხმება გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების შექმნის თაობაზე. რუსეთის პირველმა პირმა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაავალა, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, სომხეთთან აწარმოოს მოლაპარაკება, რომლის დასრულების შემდეგ, რუსეთის სახელით, ხელი მოაწეროს შესაბამის დოკუმენტს.
სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით, რუსეთი და სომხეთი, კოლექტიური უსაფრთხოების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნას გეგმავენ, რომლის ძირითადი ამოცანა სახმელეთო საზღვრების დაცვა იქნება. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტით, გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურს, რუსეთის შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალთან შეთანხმებით დანიშნავს და გაათავისუფლებს სომხეთის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. შეთანხმების პროექტის ფარგლებში, გაერთიანებული დაჯგუფების მეთაური მშვიდობიან პერიოდში ემორჩილება სომხეთის გენერალური შტაბის უფროსს, ხოლო აგრესიის უშუალო საფრთხის და სამხედრო მოქმედებების დროს, მხარეთა შეთანხმებით, რუსეთის ფედერაციის სამხრეთ, სამხედრო ოლქის მეთაურს, ან გენერალური შტაბის ხელმძღვანელს ექვემდებარება.
ქართველ ექსპერტთა ერთი ნაწილის აზრი, ამ შეთანხმების გარშემო ორად იყოფა: - ერთი ნაწილი მას საფრთხის შემცველად მიიჩნევს. თუმცა, არიან ისეთები, ვისაც მიაჩნია, რომ არსებულ ვითარებაში "როდესაც თბილისიდან 30 კილომეტრის მოშორებით რუსული ტანკები დგას", ამაში განსაკუთრებული არაფერია.
ნიკა ჩიტაძე, საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი:
- გააჩნია, რა პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა ამ შეთანხმებას, რადგან სომხეთი უკმაყოფილო იყო, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, ორი მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღება გადასცა აზერბაიჯანს, რასაც მიმდინარე წლის აპრილში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ყარაბახის კონფლიქტის განახლება მოჰყვა, რის შედეგადაც სომხეთმა გარკვეულ ტერიტორიაზე კონტროლი აიღო. მაშინ სომხეთი რუსეთს აზერბაიჯანთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა და ამის შემდეგ, შესაძლოა, რუსეთმა კომპენსაციის მიზნით შესთავაზა სომხეთის ერთობლივი სამხედრო დაჯგუფების შექმნა... საქმე ის არის, რომ ორივე ქვეყანა, რუსეთის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრია და შესაძლოა, ეს მეორე ვერსიადაც განვიხილოთ. რაც შეეხება საფრთხეს, - ვერ ვიტყოდი, რომ ეს განსაკუთრებით საფრთხის შემცველია, სომხეთი არ გამოიყენებს ჩვენს წინააღმდეგ შეიარაღებულ ძალებს. რუსეთი კი, რჩებოდა და დარჩება, საქართველოსთვის მთავარ საფრთხედ.
- როგორ ფიქრობთ, რა რეზონანსი შეიძლება ამ შეთანხმებას მოჰყვეს?
- ამას აუცილებლად მოჰყვება ადგილობრივი საზოგადოების პროტესტი, რადგან რამდენიმე სომეხ ექსპერტს პირადად გამოუთქვამს ჩემთან უკმაყოფილება სომხეთში რუსეთის პოლიტიკის გამო, - საბჭოთა კავშირის დროს, სომხეთი უფრო დამოუკიდებელი იყო, ვიდრე ახლა არისო... მათ გარკვეული გავლენებიც აქვთ, მაგრამ სომხეთის საზოგადოების უმეტესი ნაწილი მაინც იმ აზრზეა, რომ ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად რუსეთის როლი მთავარია. ამავდროულად, ისინი მთავარ საფრთხეს აზერბაიჯანის მხრიდან ხედავენ და ამას უსაფრთხოების გარკვეულ გარანტად აღიქვამენ.
მიმდინარე წლის ზაფხულში, ერევანში პოლიციის შენობას ოპოზიციურად განწყობილი შეიარაღებული ადამიანები დაესხნენ და მძევლები აიყვანეს... ისინი ხელისუფლების გადადგომასა და ოპოზოციიის ერთ-ერთი ლიდერის, ჟირარ სეფილიანის გათავისუფლებას ითხოვდნენ და ამბობდნენ, რომ რუსეთთან მეგობრობის პირობებში, სომხეთი თანდათან მასზე დამოკიდებული სახელმწიფო გახდა.
სომხეთში, რეაქციის გარეშე, არც ამ შეთანხმებას ჩაუვლია. ადგილობრივების თქმით, - ეს კიდევ ერთი ნაბიჯია, რაც სომხეთის რუსეთთან ინტეგრაციას ემსახურება, რადგან მათი ხელმღვანელობა ყველანაირად ცდილობს ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონი გადაფაროს. "მოჰყვება თუ არა, საპროტესტო ტალღა სომხეთში, ჩვენზეა დამოკიდებული. გაგვაჩუმეს ზაფხულში და თავისი გაიტანეს. თუ ჩუმად ვიქნებით, ახლაც ასე იქნება..." - წერს ჟირარ სეფილიანის თანამოაზრე, რობერტ ვაჰაგიანი.
ლალი პაპასკირი
სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი"