"პატრიოტთა ალიანსი" პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ირმა ინაშვილის კანდიდატურას წარადგენს. როგორც "ინტერპრესნიუსს" "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა გოჩა თევდორაძემ განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.
რაც შეეხება "პატრიოტთა ალიანსის" ფრაქციის თავმჯდომარეს, მისი ინფორმაციით, ფრაქციას პარტიის პოლიტიკური მდივანი გიორგი ლომია უხელმძღვანელებს.
პარლამენტის სპიკერატში, ვიცე-სპიკერის პოსტს "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, სავარაუდოდ, "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელიც დაიკავებს.
ვიცე-სპიკერის ერთ ადგილს მათთვის პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს, რომლის მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თითო კანდიდატურის წარდგენის უფლება (მაგრამ არა უმეტეს 3-ისა) იმ საარჩევნო სუბიექტების მიერ შექმნილ ფრაქციებს აქვთ, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს და რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში.
შესაბამისად, პარლამენტის რეგლამენტის ამ ჩანაწერისა და ცესკოს წინასწარი მონაცემების გათვალისწინებით, პარლამენტის სპიკერატში თითო-თითო ვიცე-სპიკერი ეყოლება "ნაციონალურ მოძრაობას" და ასევე "პატრიოტთა ალიანსს".