"დღეს ყველა ე.წ. პოლიტიკური ბრენდი ღრმა კომაშია ან გარდაცვლილია. რამდენიმე მკვდრის გაერთიანების შემთხვევაში ერთ ცოცხალ ორგანიზმს მაინც ვერ მივიღებთ", - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში, ახალი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების შექმნის იდეაზე კომენტირებისას განაცხადა.
"ოპოზიციას უნიკალური შანსი ჰქონდა, ღირსეულად წარმოდგენილიყო პარლამენტში, რადგან საზოგადოებაში მესამე ძალაზე დიდი მოთხოვნა არსებობდა. მიუხედავად ამისა, პოლიტიკური ელიტა უსუსური აღმოჩნდა და ქუჩაში დაგდებული ძალაუფლება ხელში ვერ აიღო. "ქართულმა ოცნებამაც" აგრესიული წინასაარჩევნო პოლიტიკით ორპოლუსიანი გარემო შექმნა, თუმცა თავად პარტიებიც მოუმზადებლები აღმოჩნდნენ. ამ ყველაფრის შემდეგ ოპოზიცია დეპრესიაში ჩავარდა - პარტიები დატოვეს და ახალი ჯგუფის ძებნა დაიწყეს. დადგა დრო, როდესაც პოლიტიკური ელიტა, რომელიც ბოლო ორი ათეული წელი ტივტივს ახერხებდა, თამაშიდან გავიდეს ან დროებით შეისვენოს, რომ სივრცე ახალი პოლიტიკოსებისთვის გაიხსნას", - განაცხადა ხუხაშვილმა.
მისივე თქმით, დღეს ყველა ე.წ. პოლიტიკური ბრენდი ღრმა კომაშია ან გარდაცვლილია.
"რამდენიმე მკვდრის გაერთიანების შემთხვევაში ერთ ცოცხალ ორგანიზმს მაინც ვერ მივიღებთ. კარგი იქნება, თუ მემუარების წერით დაკავდებიან. მსგავს კოალიციებს ე.წ. ორთქლმავალი სჭირდება, რომლის ირგვლივაც პოლიტიკოსები გაერთიანდებიან. დასანანი იქნება, ქართულმა პოლიტიკამ დავით უსუფაშვილი დაკარგოს, თუმცა მას მინუსებიც აქვს - აუცილებლად სჭირდება ტანდემში ქარიზმატული და ზომიერად პოპულისტური პარტნიორი, რომელიც მას რეიტინგს მოუტანს. უსუფაშვილს ავტორიტეტი აქვს, თუმცა ამომრჩევლის კონსოლიდაცია არ შეუძლია", - აღნიშნა ხუხაშვილმა, რომელიც მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გარდა ახლა ალტერნატიული ოპოზიციური გაერთიანების შექმნის რესურსი არ არსებობს.
"პერსპექტივა მას შემდეგ გაჩნდება, რაც პარტიიდან წასული ლიდერები სივრცეს გაათავისუფლებენ. ძალაუფლება ისევ ქუჩაში დარჩა - მოთხოვნა არსებობს ახალ ძალაზე, თუმცა ამას არსებული ელიტა ვერ პასუხობს", - დასძინა ხუხაშვილმა.