76 წლის ქალის სასტიკი მკვლელობის საქმეზე სამართალდამცველები კიდევ ერთ პირს ეძებენ. ამის შესახებ გაზეთი "კვირის პალიტრა" წერს.
გამოცემის ინფორმაციით, პოლიცია კიდევ ერთ პირს დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ეძებს. მას მოკლულის შვილმა ირმა ყოჩიაშვილმა და მისმა შეყვარებულმა ბექა შენგელიამ ჩადენილი დანაშაულის შესახებ უამბეს.
"პოლიციის მიერ მოპოვებული ფარული მიყურადების ჩანაწერებში ისმის, როგორ უყვებიან ვიღაც მამაკაცს, რომ ადამიანი მოკლეს, ის კი ამბობს, ცხედარს მჟავა რატომ არ დაასხითო", - ნათქვამია სტატიაში.
"კვირის პალიტრის" ინფორმაციით, ამავე ჩანაწერებით, ირმა ყოჩიაშვილი გეგმას აწყობდა, რომ მომხდარი მკვლელობა მამისთვის დაებრალებინა, "მას შემდეგ კი, რაც ომარ ყოჩიაშვილმა ეჭვი მასზე აიღო, ირმამ ბექას მამის მკვლელობაც შესთავაზა".
აღნიშნულ დანაშაულში ბრალდებული ბექა შენგელია, ორჯერ ნასამართლევია. პირველად ქურდობისთვის პირობითი მსჯავრი დაედო, მეორედ კი გაუპატიურებისთვის დააკავეს, მაგრამ ამნისტიით სასჯელი შეუმცირდა და 2014 წლის ბოლოს, დეკემბერში ციხიდან გამოვიდა. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი პირი ავთანდილ ამირანაშვილი კი ბექა შენგელიას თანაკლასელია. როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, ბექა შენგელიამ და ირმა ყოჩიაშვილმა მას "სიცილით" უთხრეს, რომ ადამიანი მოკლეს, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს სერიოზულად არ აღუქვამს.
"27 ოქტომბერს ბექა და ავთანდილი ერთმანეთს შემთხვევით რუსთაველის გამზირზე შეხვდნენ. ბექას უთქვამს, ბარის გახსნა მინდა, სადაც დამწყები მხატვრები თავიანთ ნამუშევრებს გამოფენენო. იმ დღეს ბექამ და ავთანდილმა დალიეს და სწორედ მაშინ გაიცნო ირმა ყოჩიაშვილი. მერე მთაწმინდაზე, ნაქირავებ ბინაში წავიდნენ. მაშინ მოისმინა ამირანაშვილმა ირმასა და ბექას საუბარი, "ტრუპი" ავიკიდეთო. ავთანდილს უკითხავს, ვისიო და ირმას სიცილ-ხარხარით უპასუხია, დედაჩემისო. ეს სიმართლედ არ აღუქვამს ამირანაშვილს. ბიჭი იმ ღამეს იქ დარჩა, მეორე დღეს კი სახლში წავიდა. 2 ნოემბერს ისევ შეხვდა ავთანდილი ბექას და უთხრა, მოვნახე ბარისთვის ადგილი და მეპატრონეს დაგალაპარაკებთო. შენგელიამ მე არ მცალია და ირმა გამოგყვებაო, ბარში მისულები კი აიყვანეს", - აცხადებს ამირანაშვილის ადვოკატი ქართლოს ვაშაკიძე.