...2015 წლის 13 ნოემბერი. პარიზში, საკონცერტო დარბაზ "ბატაკლანში" მომხდარ ტერორისტულ აქტს ათეულობით ადამიანთან ერთად ემსხვერპლა ჰელენ ლეირისი. ფრანგული გამოცემების ინფორმაციით, 35 წლის ჰელენი ვიზაჟისტი იყო და იმ დღეს მეგობრებთან ერთად ესწრებოდა კონცერტს... რამდენიმე დღის შემდეგ, მსოფლიო მოიარა მისი მეუღლის, ანტუან ლეირისის სულისშემძვრელმა წერილმა:
"პარასკევს საღამოს თქვენ მოიპარეთ გამორჩეული ადამიანის, ჩემი ცხოვრების სიყვარულისა და ჩემი ვაჟის დედის სიცოცხლე, მაგრამ მე არ ვაპირებ თქვენს შეძულებას. არ ვიცი ვინ ხართ და არც მინდა ვიცოდე, თქვენ მკვდარი სულები ხართ. ყოველი ტყვია, რომელიც ჩემს ცოლს მოხვდა, ჭრილობაა იმ ღმერთის გულში, რომლის გამოც ბრმად კლავთ.
ასე, რომ თქვენ ჩემგან ვერ მიიღებთ საჩუქრად სიძულვილს, რადგან სწორედ ამას ცდილობთ... ცდილობთ ჩვენში სიძულვილისა და ზიზღის გაჩენით, თქვენნაირებად გვაქციოთ. თქვენ გსურდათ შემშინებოდა და ჩემი თანამოქალაქეებისთვის შემეხედე უნდობლად, უსაფრთხოებისთვის შემეწირა თავისუფლება, რასაც ვერ ეღირსებით. თქვენ დამარცხდით!
რამდენიმე დღისა და ღამის ლოდინის შემდეგ მე ის ამ დილას ვნახე... ის ისეთივე მშვენიერი იყო, როგორც პარასკევს საღამოს, ისეთივე ლამაზი, როგორც თითქმის 12 წლის წინ, როდესაც თავდავიწყებით შემიყვარდა. რა თქმა უნდა, ახლა საშინლად მტკივა და ეს თქვენი პატარა გამარჯვებაა, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება, ვიცი, ის ჩემთან იქნება ყოველდღე და ჩვენ ერთად ვიქნებით თავისუფალი სულების სამოთხეში, სადაც თქვენი ადგილი არ არის.
ახლა ჩვენ ორნი ვართ - მე და ჩემი შვილი, მაგრამ უფრო ძლიერები, ვიდრე მთელი მსოფლიოს არმიები ერთად. თქვენთვის მეტი დრო არ მაქვს, მელვილს უნდა მივხედო, რომელიც ახლა იღვიძებს. ის ახლა 17 თვისაა, ჩვეულებისამებრ, ისაუზმებს, მერე ერთად ვითამაშებთ როგორც ყოველთვის. იცოდეთ, მთელი თქვენი ცხოვრების განმავლობაში ეს ბიჭი თავისი ბედნიერებითა და თავისუფლებით გაგაწამებთ, რადგან თქვენ ვერც მის სიძულვილს ეღირსებით!" - წერდა წერილში ანტუანი...
ერთი წლის შემდეგ, ანტუან ლერეისმა, რომელიც მწერალია, მეუღლეს და იმ ტრაგიკულ დღეებს წიგნი მიუძღვნა. "თქვენ ვერ ეღირსებით ჩემ სიძულვილს!" - ასე ქვია წიგნს, რომელშიც ანტუანი დეტალურად აღწერს იმ კოშმარს, რაც მან მეუღლის დაკარგვიდან, მისი გარდაცვლილებში პოვნამდე გაიარა... დეტალურად ყველა მისი საყვარელი ქალის გაცნობისა და მისი დაკარგვის ისტორიას და იმას, როგორ აგრძელებენ ის და მელვილი ცხოვრებას დედიკოს შემდეგ...
"თვაწინ გარბის ჩვენი ერთობლივი ცხოვრება. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მის გარეშე სხვა ცხოვრება არასდროს მქონია. ელენი იყო მთვარე. შავი თმითა და რძისფერი კანით, თვალებით, რომელიც შეშინებულ ბუს მიუგავდა, ღიმილით, რომელშიც მთელი სამყარო ეტეოდა... მან დაისადგურა ჩემს გულში, ჩემში, ჩემს სულში და იცით? ეს მარადიულია. ეს არ ნიშნავს, რომ მე აღარავინ შემიყვარდება ისევ, არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ მას აქვს თავისი ადგილი ჩემს გულში" - წერს ანტუანი.
ახლა ის და მელვილი მარტო ცხოვრობენ. ყოველ ღამით ანტუანიც ისევე უკითხავს ძილისწინა ზღაპრებს თავის სამი წლის ვაჟს, როგორც ამას ერთი წლის წინ ჰელენი აკეთებდა...