ძალიან მიხარია, რომ ამდენი დამცველი გამოუჩნდა კომბლეს, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
განათლების მინისტრს მედიის წარმომადგენლებმა ორი დღის წინ რადიო „პალიტრის" ეთერში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა, სადაც მინისტრმა ქართული ზღაპრებისა და მულტფილმების ახლით ჩანაცვლების აუცილებლობაზე ისაუბრა.
"ფართო დისკუსია უნდა გაიხსნას და ეს არის მთავარი სასიხარულო. მთავარი საკითხია, რომ ჩვენ ფაქტად არაფერი არ უნდა მივიღოთ. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, რა არის უკეთესი ჩვენი შვილებისთვის. მე ძალიან მიხარია, რომ ამდენ ხალხს ადარდებს ეს საკითხი. ისიც ძალიან მიხარია, რომ ამდენი დამცველი გამოუჩნდა კომბლეს. აუცილებლად ვისაუბრებთ ამ და ყველა საკითხზე, რაც ჩვენი შვილების განათლებას ეხება. მთელმა საზოგადოებამ თავისი აზრი უნდა გამოთქვას. ჩვენ გადასასვლელები ვართ სრულიად ახალ დონეზე - ჩვენი ერი, ცნობიერება და ზღაპრებზეც, სახელმძღვანელოებზეც, სწავლის მეთოდებზეც და ყველაფერზე გვექნება საუბარი", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მიიჩნევს, რომ ქართული ზღაპრები და მულტფილმები შესაცვლელია.
ალექსანდრე ჯეჯელავამ რადიო "პალიტრის" გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა, მათ შორის ყურადღება ქართულ მულტფილმებსა და ზღაპრებზე გაამახვილა და ხაზი გაუსვა, რომ მათი გმირები ბავშვებზე გავლენას ახდენს.
"ხშირად ვსაუბრობ, ზღაპრის გმირებით დაწყებული, მულტფილმის გმირებით დამთავრებული... რამხელა გავლენა აქვს ადამიანზე მისი ბავშვობის გმირებს. შესაბამისად, შესაცვლელი გვაქვს პრაქტიკულად ყველაფერი, მაგალითად შეამჩნევდით, არ გვაქვს ქართული მულტფილმები. ძველები გვაქვს, რომლებიც საბჭოთა მულტფილმებია", - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
გადაცემის წამყვანი მერაბ მეტრეველი დაინტერესდა, რატომ ერჩის განათლების მინისტრი კომბლეს, რაზეც ალექსანდრე ჯეჯელავამ უპასუხა, რომ „კომპლესთან ორი პრეტენზია აქვს".
"კომბლე მოძალადეა და ცუდი მეცხვარეა. ორი პრეტენზია მაქვს. ორი ცხვარი ჰყავს და მეცხვარეს რატომ უნდა ჰყავდეს ორი ცხვარი თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, იმიტომ არის ცუდი მეცხვარე, რომ ცხვრის მოვლით არ არის დაკავებული, კომბლის მთლელია", - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.