8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხმების დათვლის დროს ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე უბნების დარბევის ფაქტზე დაკავებული გია მხეიძე ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გაათავისუფლა.
ადვოკატ ჯიტა გულუას ინფორმაციით, მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა 10 000 ლარიანი გირაოთი გათავისუფლების შესახებ.
"ორთვიანი პატიმრობის გადაწყვეტილება იმით იყო განპირობებული, რომ ორ კვირაში უნდა ჩატარებულიყო განმეორებითი არჩევნები და შესაძლოა, მას ახალი დანაშაული ჩაედინა... ახლა კი არ არსებობდა მისი პატიმრობის დატოვების საფუძველი და სასამართლომ აბსოლუტურად ობიექტურად მიიღო გადაწყვეტილება აღმკვეთი ღონისძიების უფრო მსუბუქი ფორმით შეცვლის თაობაზე. ასე, რომ მადლობა სასამართლოს", - განაცხადა გულუამ.
წყარო: radioatinati.ge