"მშობლებიც და ბავშვებიც კმაყოფილები იყვნენ" - რას ამბობს ბაღის დირექტორი, რომლის აღსაზრდელებსაც "ქორწილი გადაუხადეს"

"მშობლებიც და ბავშვებიც კმაყოფილები იყვნენ" - რას ამბობს ბაღის დირექტორი, რომლის აღსაზრდელებსაც "ქორწილი გადაუხადეს"

თბილისის 56-ე ბაგა-ბაღში გადაღებულ ვიდეოს ინტერნეტსივრცეში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. ვიდეოზე აღსაზრდელების მასობრივი ქორწილია ასახული. როგორც აღმოჩნდა, ქორწინების ცერემონია ბაღში აღსაზრდელების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.

ვიდეოს ფეისბუქზე ათობით გაზიარება და კომენტარი აქვს. ფეისბუქ-მომხმარებლები აღშფოთებას ვერ მალავენ და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსგან ბაღის ხელმძღვანელობის მიმართ მკაცრ რეაგირებას მოითხოვენ.

იხილეთ ვიდეო

რატომ მიიღო საბავშვო ბაღის ადმინისტრაციამ მსგავსი შინაარსის ღონისძიების ჩატარების გადაწყვეტილება, ამის გასარკვევად ბაღის დირექტორს, ლამარა გოგინაშვილს დავუკავშირდით.

- ქალბატონო ლამარა, ვისი იდეა იყო პატარა ბავშვების დაწყვილება?

- ბავშვები იყვნენ ნამყოფი ქორწილში და თავად გამოთქვეს ამ ტიპის ღონისძიების გათამაშების სურვილი. თავისი ხელით გააკეთეს ფატა, კარდონის ტორტი და ა.შ. როცა მათ ვკითხე, რა გახსოვთ ქორწილიდან-თქო, ერთმა ბავშვმა ისიც კი მითხრა, პატარძალი თაიგულს ისვრის და ვინც დაიჭერს ის სწრაფად გათხოვდებაო. ჩვენ უბრალოდ გავითამაშეთ პროგრამით გათავალისწინებული ღონისძიება. ბავშვების დაწყვილება არ მომხდარა, ვინც დაამზადა ფატა, მას დავეხმარეთ ამ ფატის დახურვაში, შემდეგ ამოვირჩიეთ "სიძე", უმრავლესობას უნდოდა სიძეობა, მაგრამ ვინც სასიძოდ იყო გამოწყობილი, პირველი ის ვათამაშეთ. არავისთვის ჯვარი დაგვიწერია და მღვდელი არ მოგვიყვანია. ბიჭებმაც მიიღეს ორგანიზებაში მონაწილეობა, ყვავილები გააკეთეს, კარდონის ტორტს ფერადი ლენტები შემოვაკარით და ა.შ. ამ ასაკის პროგრამაში წერია ასეთი დავალებები. ესენი არიან 4-წლიანი ბავშვები და ყოველდღიურად მივყვებით ამ პროგრამას.

- რა პროგრამით არის გათვალისწინებული ბაღში ქორწილების გათამაშება?

- პროგრამა სპეციალური წიგნია, "სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამა ბაგა-ბაღებისათვის - აქტივობების წიგნი" და ამ წიგნს მივყვებით შეძლებისდაგვარად მეთოდისტთან ერთად. კვირის თემა დღესასწაულები იყო. ახალ წევრზეც იყო თემა, ისაუბრეს ბავშვებმა, დედიკომ მოიყვანა ძამიკოო, მაგრამ აღარ ვკითხეთ საიდან მოიყვანა დედიკომ. ჩემზე უკეთესად იციან. მე პროგრამის ფარგლებში ვიხელმძღვანელე, მშობლებიც და ბავშვებიც კმაყოფილები იყვნენ. ვინმე უკმაყოფილო თუ დარჩა, ეს ჩვეულებრივი პროცესია, ოჯახში 5 წევრი მყავს და ერთი მუდმივად უკმაყოფილოა, თუნდაც იმიტომ რომ ბორშს მარილი აკლია".

AMBEBI.GE დაინტერესდა, რა არის ბაღის დირექტორის, ლამარა გოგინაშვილის დასახელებული "სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამა ბაგა-ბაღებისათვის - აქტივობების წიგნი". როგორც ირკვევა, საპილოტე პროგრამა თბილისის მერიის შეკვეთითა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით არის მომზადებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სკოლამდელი და ინკლუზიური განათლების ცენტრში.

საპილოტე პროგრამის ანოტაციაში ვკითხულობთ: "წინამდებარე სახელმძღვანელო წარმოადგენს სასწავლო სააღმზრდელო პროგრამას

თბილისის ბაგა-ბაღებისათვის და განკუთვნილია 3-4 და 4-5 წლის აღსაზრდელებთან სამუშაოდ. 2011-2012 სასწავლო წლის მანძილზე სახელმძღვანელო პილოტირებას გაივლის თბილისის საბავშო ბაგა-ბაღებში. პილოტირების პროცესში სახელმძღვანელოს ავტორები

იმუშავებენ ბაგა-ბაღებთან და პროგრამაში შეიტანენ შესაბამის ცვლილებებსა და რეკომენდაციებს. 2013 წლისათვის დაიბეჭდება სახელმძღვანელოს დასრულებული ვარიანტი.

იგი ეფუძნება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ შემუშავებულ 0-6 წლამდე ბავშვის განვითარების სტანდარტებს. პროგრამის მეთოდოლოგიად გამოყენებულია თემატური სწავლება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ეფექტური მოდელი. სახელმძღვანელო დაყოფილია სასწავლო კვირების მიხედვით და მოიცავს შემდეგ თემებს: პირველი კვირა ბაღში, მე და ჩემი სხეული, მე და ჩემი გარემო, ფერები ჩემ გარშემო, დღესასწაულები, ფორმები ჩემ გარშემო, შეგრძნებები, კატეგორიები, ჯანმრთელი კვება, მე და ჩემი ემოციები, დედამიწა და კოსმოსი, დრო-კალენდარი-საათი, საპირისპირო სიტყვები, ჰიგიენა და თვითმოვლა, მეგობრობა, სხვისი პატივისცემა, ტოლერანტობა, პროფესიები და ა.შ. ...პროგრამაში შესულია ისეთი თემები და აქტივობები, რომელიც ბავშვის სოციალური და ემოციურ განვითარებას შეუწყობს ხელს...", - ვკითხულობთ პროგრამის ანოტაციაში.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი