38 წლის ქეთი ხუციშვილი არც მსახიობია და არც კამერასთან მუშაობის გამოცდილება აქვს, პროფესიით იურისტია, მიუხედავად ამისა, როცა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" მისმა პერსონაჟმა, ხაშურელმა მთვარისამ, რომელმაც თბილისში ლუნა დაირქვა, ქართლურად დასჭექა, მთელი გადამღები ჯგუფი სიცილით კინაღამ დახოცა. როგორც თავად ამბობს, ფესვებმა მაინც თავისი ქნა, რადგან ქეთი, მართალია, თბილისელია, მაგრამ წარმოშობით კასპიდანაა და თან პაროდიის ნიჭით არის დაჯილდოებული, თავისი კუთხის ხალხის პაროდია კარგად გამოსდის. გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "სარკეში" დაბეჭდილი ინტერვიუდან:
"ბავშვობიდან მიყვარდა პაროდიების კეთება. მეზობელი, ნათესავი, ახლობელი არ მყავს დატოვებული, ვისი პაროდიაც არ გამიკეთებია. ერთ დღეს ჩემს დასთან ვიყავი სტუმრად მისული. უცებ მუზა მოვიდა, შესაფერის ხასიათზეც ვიყავი და გამწარებული, წყობიდან გამოსული ქართლელი ქალი განვასახიერე. ეს სცენა მთელი ემოციით დავდგი. ჩემი და მეხვეწებოდა, ვიდეოს გადაგიღებო. არა, რას ამბობ-მეთქი, ვუთხარი, მაგრამ მაინც გადაიღო. ამას სხვა პერსონაჟებიც მოჰყვნენ - "მანტიორი არსენა", "მასწავლებელი გულო", "ოსი ესმა" და ა. შ. ეს ყველაფერი ჩემმა დამ სოციალურ ქსელში ატვირთა. ვიდეოები ძალიან მალე გავრცელდა და პოპულარული გახდა.
ერთ დღესაც ეს ვიდეოები სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" სცენარისტმა, ქეთი დევდარიანმა ნახა და სინჯებზე დამიბარა. მთვარისას პერსონაჟზე მაშინვე დამამტკიცეს.
- როგორი იყო პირველი გადაღება?
- თავიდან ჩემი პერსონაჟი სერიალში გოჭების გაყიდვის სცენით შევიდა. გადაღების პროცესში ვერც წარმოედგინათ, როგორ ვითამაშებდი, როგორ დავიყვირებდი, თან იცოდნენ, არაპროფესიონალი ვიყავი. უცებ რომ დავჭექე ქართლურად, ისე შევედი ემოციებში, ვეღარ გამოვდიოდი. პერსონაჟის განსახიერება რომ დავიწყე, ჩემ წინ აღარავინ ჩანდა, არც კამერა, ყველა იცინოდა.
გადამღებ ჯგუფს ძალიან მოვეწონე, იხალისეს. ალბათ ვერც წარმოედგინათ, რომ ასე ვითამაშებდი. როცა ახალი ხარ და თან არაპროფესიონალი, ყველა მაინც ეჭვის თვალით გიყურებს, შეძლებ თუ ვერ შეძლებ. პირველივე გადაღებაზე ისე შევედი როლებში, ხომ გეუბნებით, მე მგონი, ძლივს გამომიყვანეს. სხვათა შორის, სერიალში ჩემი ქმრის ნუგოს, პერსონაჟს ვინც ასახიერებს, ჩემი ბიძაშვილი ვახო ოქრუაშვილია.
.... "ბავშვობიდან ვმღერი. უფრო ესპანური სიმღერები მიყვარს, მაგრამ ქართულ სიმღერებსაც კარგად ვასრულებ. მუსიკალური შვიდწლედი მაქვს დამთავრებული. ოჯახშიც კარგად მღერიან, დედაჩემი ფორტეპიანოზე, გიტარაზე უკრავს, მღერის. მე რომ მთვარისა ვიყო, ალბათ იგივენაირად ვიცხოვრებდი, იმდენად მოვერგე ჩემს პერსონაჟს, ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, მთვარისა რომ ვიყო, შეიძლებოდა მეც მასავით მოვქცეულიყავი. მოკლედ, ამ კითხვაზე თან ვიცი პასუხი, თან - არა.... ძალიან მომწონს მისი ჩაცმულობის შტრიხები. გახსოვთ ალბათ, თავიდან როგორი სამოსით ჩამოვიდა თბილისში, წვეტიანი ფეხსაცმელები ეცვა. მთვარისა კი არ "ნაშობს", უნდა, რომ მაგარი ქალი იყოს, მაგრამ უკან მაინც მოჰყვება "ის"... გემოვნება თან აქვს, თან - არა, მაგრამ დახვეწილობის კურსებზე ურჩევენ, სად რა და როგორ ჩაიცვას"
ეკა ლემონჯავა
ჟურნალი "სარკე"