ამერიკის ახალი პრეზიდენტის არჩევამ მსოფლიო ბირჟებზე დიდი რყევა გამოიწვია, აშშ დოლარის კურსი ყველა მსხვილ ვალუტებთან მიმართებით ეცემა.
გაიაფდა ნავთობი, მაგრამ გაძვირდა ოქრო. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, გლობალური სავალუტო ცვლილება საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე უმნიშვნელოდ აისახება. შეიძლება ითქვას, რომ ლარი კვლავ შიდა ფაქტორების ტყვეობაში რჩება.
როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, პოლიტიკური პროცესის გავლენა დოლარზე დიდხანს არ გასტანს და მალე ამერიკული ვალუტა პოზიციებს გაიუმჯობესებს. ჯერჯერობით კი დოლარის კურსი რამდენიმე პუნქტით დაეცა. როგორც უცხოური მედია წერს, ამ დროისთვის, ევრო დოლართან 2%-ით გამყარდა, 1%-ით გაძლიერდა ბრიტანული ფუნტიც. 3%-ით დაეცა დოლარის კურსი იაპონურ იენთან, 2%-ით შვეიცარულ ფრანკთან. გარდა ამისა, 5%-ით გაიზარდა ოქროს ფასი და 1 უნციაზე 1337 დოლარი შეადგინა.
"ბიბისის" ცნობით, 24 ივნისის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ძვირფას ლითონზე ფასი ერთბაშად ამდენით გაიზარდა. ამ 5 თვის წინათ, "ბრექსიტის" რეფერენდუმის ფონზე, ოქრო ერთბაშად 8%-ით გაძვირდა.
უკიდურესი პესიმიზმი ჩანს ცნობილ ეკონომისტ, ნობელის პრემიის ლაურეატის პოლ კრუგმანის შეფასებაში. მან უცხოურ გამოცემასთან საუბრისას მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნის სათავეში ტრამპის მოსვლა "ძალიან ცუდ ამბად" შეაფასა და ამერიკულ ეკონომიკას "აპოკალიფსი" უწინასწარმეტყველა. მისი ვარაუდით, ტრამპის პრეზიდენტობის შემდეგ ფინანსური ბაზრები, შესაძლოა, აღარასდროს გამოცოცხლდეს.
კრუგმანისგან განსხვავებით, უცხოელი ანალიტიკოსების უმრავლესობა სავალუტო ცვლილებას მოკლევადიან პრობლემად მიიჩნევს. ამ მოსაზრებას ქართველი სპეციალისტებიც იზიარებენ. ისინი ყურადღებას ამახვილებენ ლარის სამომავლო ტენდენციაზეც, რაც, მათი აზრით, ამჯერად გლობალური პროცესების მიღმა დარჩება.
"ადმირალ მარკეტის" ქართული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დავით წიქარიძე ფიქრობს, რომ ლარი პოზიციას უახლოეს პერიოდშივე გაიუმჯობესებს. განაგრძეთ კითხვა