პრეზიდენტი უპასუხოდ ტოვებს კითხვას, გეგმავს თუ არა ქართულ პოლიტიკაში "მესამე ძალის" შექმნას. როგორც გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, რას გააკეთებს მომავალში, იქიდან გამომდინარე გაირკვევა, რა პოლიტიკური ვითარებაც იქნება.
"მოდით, ვისაუბროთ იმის თაობაზე, დღეს რას ვაკეთებთ. მომავალში რა გეგმები იქნება, ეს დამოკიდებულია იმაზე, რა პოლიტიკური ვითარება იარსებებს", - განაცხადა პრეზიდენტმა შესაბამის შეკითხვაზე.
მისივე განმარტებით, საპარლამენტო არჩევნების პერიოდში "ბევრი მესამე" ძალა არსებობდა, თუმცა მათ არ გაიაზრეს ის ვითარება, რომ პოლიტიკურ ველზე "პირველი" და "მეორე" უკვე იყო და ისინი ძლიერი პოლიტიკური ცენტრები არიან.
პრეზიდენტმა მაჟორიტარულ სისტემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკეთესი საარჩევნო სისტემის შესაქმნელად კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს. "ტენდენცია, რომ მრავალპარტიულ სისტემას მმართველმა გუნდმა ხელი შეუწყოს, არის სუსტი. მაჟორიტარული სისტემის შეცვლა სწორედ იქითკენ იყო მიმართული, რომ მრავალპარტიული და პარტიებზე ორიენტირებული საარჩევნო სისტემა მიგვეღო. თუ განსაკუთრებით საქართველოსნაირ ქვეყანაში, რომელიც თავის დემოკრატიას ავითარებს და რომელსაც გააჩნია კონკრეტული მიზნები, ნათლად არ იდგმება ნაბიჯები იმისთვის, რომ მივიღოთ უფრო მრავალპარტიული პარლამენტი და ეს ნაბიჯები არ იწყება კანონმდებლობის შეცვლით, რეალურად ჩვენ ვიღებთ იმას, რაც დღეს მივიღეთ. ქართული საზოგადოება მაძლევს იმის იმედს, რომ ეს შეიცვლება და ამის იმედს იმ გაუჩერებელ ბრძოლაში ვხედავ დემოკრატიული ღირებულებების მისაღწევად, რომელიც ნამდვილად არის მამოძრავებელი ძალა ნებისმიერი პროცესისა ქართულ საზოგადოებაში. დღეს რა განცხადებებიც კეთდება, იგივე კეთდებოდა 2015 წელსაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამ პროცესში რაიმენაირად უნდა გავჩერდეთ. თუ მაჟორიტარული სისტემა უზრუნველყოფს, რომ ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ფაქტობრივად 100 %-ით შედიან პარლამენტში, ეს ბუნებრივი დაფიქრების საჭიროებას ქმნის, რატომ მოხდა ასე. 2015-ში ამისთვის აქტიურად ვდგამდი ნაბიჯებს, 2016-შიც იგივეს ვაკეთებდი და 2017-შიც აქტიურად გადავდგამ. დარწმუნებული ვარ, რომ არ ვიქნები ამ საკითხში მარტო", - აღნიშნა პრეზიდენტმა.