გერმანია მზად არის, ყველა პოლიტიკურ ოპოზიციონერს თურქეთიდან თავშესაფარი მისცეს. "დოიჩე ველე"-ს ცნობით, ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში სახელმწიფო მინისტრმა ევროპის საკითხებში მიხაელ როტმა გამოცემა "დი ველტ"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"გერმანია მსოფლიოსთვის ღია ქვეყანაა, ის ღიაა პოლიტიკური დევნის შედეგად ყველა დაზარალებულისთვისაც", - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, გერმანიის მთავრობა თურქ დისიდენტებს სოლიდარობას უცხადებს.
როგორც "დოიჩე ველე" წერს, თურქეთში ოპოზიციის წარმომადგენელთა დაკავებების სერია გრძელდება. 5 ნოემბერს სტამბოლის სასამართლომ ოპოზიციური გამოცემა Cumhurriyet-ის მთავარი რედაქტორის, მურატ საბუნჯუს და გამოცემის სხვა ხელმძღვანელების და ჟურნალისტების დაპატიმრების ორდერი გასცა. გარდა ამისა, გასულ კვირას, ანტიტერორისტული ღონისძიებების ფარგლებში, თურქეთში ოპოზიციური პროქურთული პარტიის 12 დეპუტატი დააკავეს.