იტალიელი ექიმის "ქართული ავანტიურა" - ვინ არის პროფესორი, რომელსაც სამედიცინო საქმიანობა აკრძალული აქვს და თბილისში პაციენტებს იღებს

იტალიელი ექიმის "ქართული ავანტიურა" - ვინ არის პროფესორი, რომელსაც სამედიცინო საქმიანობა აკრძალული აქვს და თბილისში პაციენტებს იღებს

რამდენიმე დღის წინ, AMBEBI.GE-ს იტალიაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა წერილით მომართა:

"მე ერთი რიგითი საქართველოს მოქალაქე ვარ, რომელიც ცხოვრობს იტალიაში და როდესაც მოვუსმინე ამ ამბავს, შოკში ჩავვარდი. ეს ეხება თითოეულ ქართველს და საქართველოს. მე ვფიქრობ, თუ თითოეული ჩვენგანი მივიღებთ მონაწილეობას ცოტათი მაინც უღირსობის და უსამართლობის აღმოფხვრაში, შევძლებთ ჩვენი ქვეყნის წინსვლას" - გვწერდა ქალბატონი წერილში, რომელიც იტალიელი ექიმის საქართველოში მოღვაწეობას შეეხება.

როგორც ირკვევა, ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა იტალიურმა არხმა სიუჟეტი მოამზადა (იხ. იტალიური არხის სიუჟეტი აქ), რომელშიც ნათქვამია, რომ იტალიელი პროფესორი დავიდე ვანონი, რომელსაც სამედიცინო საქმიანობა აკრძალული აქვს როგორც იტალიაში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ, საქართველოში ერთ-ერთ კერძო კლინიკაში მუშაობს.

ფსიქოლოგიის პროფესორმა დავიდე ვანონიმ გამოიგონა მკურნალობის მეთოდი Stamina-თერაპია, ან უბრალოდ სტამინა, რომელიც ალტერნატიული "სამედიცინო მკურნალობის" მეთოდია და იტალიაში ბოლო წლებში დისკუსიისა და კამათის საგანი გახდა. ვანონი სტამინას ფონდის Stamina Foundation-ის დამფუძნებელიცაა (ორგანიზაცია მან 2009 წელს დააფუძნა). "თერაპია" ძირითადად ნეიროდეგენერაციული დაავადებების (ნერვული სისტემის დეგენერაციული დაავადებები) სამკურნალოდ გამოიყენებოდა.

როგორც იტალიური ტელეკომპანიის მიერ მომზადებულ სიუჟეტშია ნათქვამი, დავიდე ვანონის მიერ ღეროვანი უჯრედის ბაზაზე დაფუძნებული მკურნალობის პერსონალური მეთოდი, არაერთგზის გადამოწმებისა და ექსპერიმენტის შემდეგ, იტალიაში უკანონოდ იქნა მიჩნეული. წარმოშობით ტურინელი ფსიქოლოგიის პროფესორი მიიჩნევს, რომ ნეიროდეგენერაციული დაავადებების მკურნალობა, შესაძლებელია ძვლის ტვინიდან ამოღებული უჯრედების ინფუზიით. 2015 წლის მარტში, ტურინის სასამართლოს მიერ გამოტანილი ნეგატიური გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც მას სამედიცინო საქმიანობა აუკრძალა, "მან ახალი ცხოვრება საქართველოს დედაქალაქ თბილისში დაიწყო და ისევ მიჰყო ხელი სასწაულების დაპირებას, რომლებიც არასდროს აუხდენია" - ნათქვამია სიუჟეტში.

52 წლის პაციენტი, გვარად ძიკიერი, რომელიც სიუჟეტში ვანონიზე საუბრობს, წარმოშობით ტერაჩინადანაა და ამჟამად უმბრიაში ცხოვრობს. ადრე, საათების ბიზნესით იყო დაკავებული, მაგრამ დაავადება ნელ-ნელა ყველაფერს ართმევს. როდესაც დაავადება აღმოუჩინეს, არ არსებობდა მკურნალობის მეთოდი, აღარც მომავალი, თავს მარტოსულად და მიგდებულად გრძნობდა. სწორედ მაშინ გაიცნო ვანონი.

2016 წლის დასაწყისში ძიკიერი ვანონის ფეისბუქის საშუალებით დაუკავშირდა და დაიწყო "ქართული ავანტიურა". მაისის თვეში, თბილისში, პაციენტის ძმა იმყოფებოდა, რომელმაც ძვლის ტვინი გაიღო ანდრეასათვის.

ანდრეა ძიკიერი სიუჟეტში ამბობს: "ორი ვარიანტი იყო, ან სამი ინფუზია უნდა გამეკეთებინა, რომელიც 18 ათასი ევრო ჯდებოდა, ან ხუთი - რომელიც 27 ათასი ევრო ღირდა. პრობლემა იმაშია, რომ ის მე ყოველთვის მპირდებოდა და გარანტიას მაძლევდა, რომ მკურნალობა შედეგს გამოიღებდა, მაგრამ არავითარი შედეგი არ არის. რეგულარულად ვეხმიანები და მეუბნება, რომ მისი პაციენტების მხოლოდ მცირე პროცენტს არ ჰქონია შედეგი. მე სხვა პაციენტებიც ვნახე, მაგრამ მკურნალობამ არც ერთ მათგანზე არ იმოქმედა".

ტურინის პროკურორის მოადგილე რაფაელე გუარინიელო, რომელმაც ვანონის ბრალი დასდო თაღლითობასა და წუნიანი მედიკამენტების დანიშვნაში და მოგვიანებით 22-თვიან სასჯელს დასთანხმდა, რომელიც საბოლოოდ პირობითი სასჯელით შეიცვალა, აღნიშნავს რომ შეთანხმება სხვაგვარი იყო. მისი თქმით, "პირობითი ითვალისწინებდა, რომ ვანონის აღარ უნდა ჩაედინა დანაშაული და არ გაეგრძელებინა პროფესიული საქმიანობა იტალიასა თუ საზღვარგარეთ."

"მიუხედავად ამისა, თბილისის ერთ-ერთი კლინიკაში, სადაც დაავადებისგან სასოწარკვეთილი პაციენტები, მთელი მსოფლიოდან მოდიან, ვანონი განყოფილებას ხელმძღვანელობს და ქართველ თანამშრომლებთან და თავის ერთგულ ბიოლოგ ერიკა მოლინოსთან ერთად აგრძელებს საქმიანობას, რომელიც ასევე გასამართლებულია ტურინის სასამართლოს მიერ" - ნათქვამია სიუჟეტში.

AMBEBI.GE-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დავიდე ვანონი თავდაპირველად კლინიკა "ლანცეტში" იმყოფებოდა და ადმინისტრაციას საკუთარი საქმიანობისთვის ფართი სთხოვა, რაზეც უარი მიიღო. იტალიურ არხზე გასულ სიუჟეტში თბილისში მდებარე ის კლინიკაც არის ნაჩვენები, სადაც ვანონი ამჟამად მუშაობს. როგორც გავარკვიეთ, ეს არის მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრი, რომელიც ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით სამედიცინო ცენტრში თავდაპირველად პაციენტის სტატუსით დავრეკეთ. კლინიკის ნომერზე დარეკვის შემდეგ, ღეროვანი უჯრედების განყოფილებაში გადაგვამისამართეს.

"ქალბატონო, ისინი არიან ჩვენს შენობაში, მაგრამ სხვადასხვა ორგანიზაციები ვართ. მე მხოლოდ ელექტრონული ფოსტის მისამართის მოცემა შემიძლია"

- თქვენთან არ მუშაობს დევიდე ვანონი?

- ამ კლინიკაში მუშაობს, მაგრამ თქვენ სხვა განყოფილებაში მოხვდით. მე ჩაგაწერინებთ მეილს და თავად გადაწყვეტს, გაგცემთ თუ არა პასუხს. სხვანაირად მას ვერ დაუკავშირდებით. infoprogettopacienti@gmail.com-ზე გაუგზავნეთ. მთხოვა პაციენტები ამ ფორმით გადავამისამართო.

- ვიცი, რომ ქირურგია თქვენთან და არასწორად ვრეკავ?

- სწორად რეკავთ, ქირურგი არ არის, შეეხმიანეთ და თავად გაგცემთ პასუხს, მეტს ვერ გეტყვით ვერაფერს.

მოგვიანებით მარდალეიშვილის კლინიკაში ჟურნალისტის სტატუსით დავრეკეთ და პრესსამსახურთან დაკავშირება ვითხოვეთ, თუმცა ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხეს.

AMBEBI.GE შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა, უწყების ცნობით, აღნიშნულ პირზე მათ ადმინისტრაციაში შევიდა წერილი და რეაგირებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს გადასცეს. რა ინფორმაცია აქვთ დავიდე ვანონის საქმიანობის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში, ამის გასარკვევად რეგულირების სააგენტოს პრესსამსახურის წარმომადგენელს დავუკავშირდით.

- ჩვენ მოგვმართა მისი მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტრომ და გვთხოვა ამ ინფორმაციის შესწავლა. ჩვენამდე მოსული ინფორმაციის საფუძველზე დევიდ ვანონი და კიდევ ერთი იტალიელი ექიმი (სავარაუდოდ, სიუჟეტში ნახსენები ერიკა მოლინო) მუშაობს საქართველოში, რომლებსაც სამედიცინო საქმიანობა აკრძალული აქვთ. პროფესიული განვითარების საბჭოს აღნიშნული ექიმების საქმიანობაზე ნებართვა არ გაუცია. კანონით ასეა, როდესაც კლინიკა უცხოელ სპეციალისტს იწვევს, მომართავს ჯანდაცვის სამინისტროს და პროფესიული განვითარების საბჭო განიხილავს, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენთვის არ მოუმართავს მარდალეიშვილის კლინიკას. არც ვიცით ისინი მუშაობენ თუ არა საქართველოში. ნამდვილად იცით რომ აქ მუშაობენ?

- პაციენტის სტატუსით დავრეკეთ კლინიკაში და გვითხრეს, რომ დავიდე ვანონი მეილით იღებს პაციენტებს...

- ანუ აქ მუშაობს? ეს უკვე ყურადღების მისაქცევია და აუცილებლად მივიღებთ შესაბამის ზომებს.

AMBEBI.GE აგრძელებს თემაზე მუშაობას და შესაბამისი უწყებებიდან ამ საკითხის შესახებ დამატებით ინფორმაციას მოიძიებს.

ნინა მამუკაძე, თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი