"პირადად მე, აღარ მადარდებს ემიგრანტების თემა და ჩემი შვილებიც გამოვიდნენ იმ ასაკიდან, როცა საჭიროებდნენ ორივე მშობლის ყურადღებას, მაგრამ დღეს ძალიან მომხვდა გულზე ერთი ამბავი და ისევ ვიწყებ მუდარას: დაუბრუნდით ოჯახებს! ჰკითხეთ შვილებს, რა უფრო სჭირდებათ, მშობლის გვერდით ყოფნა თუ თქვენი გამოგზავნილი თანხა და საჩუქრები.
რამდენიმე დღის წინ იმშობიარა პატარა გოგონამ, რომელიც 4 წლის დატოვა დედამ. მაშინ აუცილებელი იყო ეს განშორება: ქალბატონის მეორე შვილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და რამდენიმე ოპერაცია სჭირდებოდა, ოჯახს კი მატერიალურად ძალიან უჭირდა და ამის საშუალება არ ჰქონდა. ოჯახის დიასახლისმა გარისკა და ფულის საშოვნელად, საზღვარი გადაკვეთა. მერე იყო დაპირებები, რომ მალე დაბრუნდებოდა: "აი, წელს..." "აი, მეორე ახალ წელს..." ღმერთო, რა ნაცნობი და რა მტკივნეულია დაუმთავრებელი დაპირებები...
გავიდა წლები, გარდატეხის ასაკში ეს პატარა გოგო გათხოვდა. მერე ხშირად ემუდარებოდა მშობელს: "დედა, დაბრუნდი", "დედა, მჭირდები!" მაგრამ სტანდარტულ პასუხებს ისმენდა, - რომ დავბრუნდე, მანდ რა ვქნა, რითი გარჩინოთო?
არადა, არც ისე მცირე თანხა ჰქონდა უკვე გამოგზავნილი. შვილს საჭირო ოპერაციები გაუკეთდა, სახლში რემონტი გააკეთეს, "სხვისი თვალის დასათხრელად" ჭაღებიც ჩამოკიდეს და ავეჯიც გამოცვალეს. უფროსები ამბობდნენ, რაც გასაკეთებელი იყო, უნდა გაეკეთებინათ და მერე დაბრუნდებოდა ქალი...
15 წლის ასაკში შექმნილ ოჯახს კი ყველა ერთად დააცხრა თავს: "სად გეჩქარებოდათ?" "რაში გჭირდებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა?"... არ მოსწონდათ, მათი გოგონა "უბრალო" ოჯახში რომ შევიდა რძლად.
არადა, გოგონა აშკარად, ბედნიერია! მერე რა, თუ არ აქვს ისეთივე ავეჯი, როგორიც მისმა მშობლებმა შეიძინეს? მერე რა, თუ სახლი ახალი გარემონტებული არ არის და არც საოცარი ჭაღები ამშვენებს ოთახებს?!
გოგონამ შეპასუხება დაუწყო დედას, ბოლო დროს ზარებსაც აღარ პასუხობდა...
მე რას ვაკეთებდი ამ გოგონას დასახმარებლად? ყოველთვის ვიცავდი და ვიცავ ბავშვების პოზიციას... ერთ დღეს პოსტი დამხვდა სოციალურ ქსელში, რომ ეს ლამაზი გოგონა უკვე სამშობიაროში წაიყვანეს. "სკაიპით" დავრეკე დედამისთან და აღმოჩნდა, რომ აზრზე არ იყო, რა ხდებოდა მისი ქალიშვილის თავს... განაგრძეთ კითხვა