"პრობლემების გადაწყეტა თბილისში მუხლჩაუხრელი შრომით შეუძლებელი გახდა" - რატომ წავიდა საცხოვრებლად რუსეთში დათო გოგიშვილი

"პრობლემების გადაწყეტა თბილისში მუხლჩაუხრელი შრომით შეუძლებელი გახდა" - რატომ წავიდა საცხოვრებლად რუსეთში დათო გოგიშვილი

ყოფილი იუმორისტი, პროფესიით ისტორიკოსი, დათო გოგიშვილი (ციყვი) ბოლო დროს GDS-ზე დეკორატორი იყო, მაგრამ ცოტა ხნის წინ იქაურობა დატოვა და უკვე რამდენიმე თვეა, რაც ემიგრანტის რთულ ცხოვრებას შეუდგა. შესაბამისად, პროფესიაც შეიცვალა, - ოფიციანტი გახდა.

თუ რა გახდა მისი ემიგრანტობის მიზეზი, როგორ აითვისა ახალი საქმიანობა და როგორ ცხოვრობს რუსეთის დედაქალაქში, ამ თემებზე სასაუბროდ "ამბები.გე" მას მოსკოვში დაუკავშირდა...

- ცოტა ხნის წინ ემიგრანტი გახდი, საქართველო დატოვე, რა გახდა ამის მიზეზი?

- მოგესალმებით ყველას, მივესალმები ძვირფას მკითხველს. საუბარს ასე დავიწყებ: ჩემ წინაშე მდგარი პრობლემებისა და ამოცანების გადაწყეტა თბილისში 24-საათიანი მუხლჩაუხრელი, ამასთან, ლეგალური, პატიოსანი, ადამიანური შრომით შეუძლებელი გახდა...

დავამთავრე უნივერსიტეტი, შემდეგ ასპირანტურა, ვმუშაობდი სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალში (არაქართველებისთვის), სადაც სალექციო კურსს ვკითხულობდი, ასევე ვსაქმიანობდი გამომცემლობაში, სადაც სასკოლო სახელმძღვანელოები იბეჭდებოდა, ვარ ორი რევოლუციის მონაწილე, ვმუშაობდი ორ ტელევიზიაში (მსახიობი, დეკორატორი ა.შ.), მაგრამ მიუხედავად ამისა, მთელი ამ ხნის მანძილზე ჩემი პრობლემები ვერანაირად გადავწყვიტე...

მშობლები აღარ მყავს, გარდამეცვალა, მყავს მხოლოდ ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და, რომელიც ცხოვრობს ზუგდიდში, ისიც ჩემი მოსავლელი და საპატრონოა...

პოლიტიკურ სპექტრში, სახელმწიფო სტრუქტურებში არც შევარდნაძის, არც სააკაშვილისა და არც ივანიშვილის დროს, ჩემი ადგილი ვერსად მოიძებნა. ტელევიზიაში დეკორატორობა საძრახისი ნამდვილად არ არის, მშვენიერი და საჭირო საქმეა, მასზე დგას ტელევიზია, მაგრამ ქართულ ტელევიზიებში არასარფიანია, თან, მაგით ვერ განვითარდები, ამიტომაც ავდექი და საქართველოდან წამოვედი, რომ რაღაცნაირად ჩემ წინაშე მდგარი პრობლემები დავძლიო. ეს იყო და ეს, - არავისთან არც მიჩხუბია და არც უკმაყოფილება მქონია, ყველას ადამიანურად დავემშვიდობე. GDS-ში უამრავი მეგობარი მყავს, სადაც უთბილესი და უსაყვარლესი ხალხი მუშაობს. ამიტომ ამ ტელევიზიის წინსვლა მხოლოდ გამიხარდება, ყოველთვის ვუგულშემატკივრებ, რადგანაც მეგობრებთან ერთად, მისი შექმნის სათავეებთან ვიყავი და ამ ფაქტით ვამაყობ. რატომღაც მჯერა, რომ ეს ტელევიზია ქართულ სატელევიზიო სივრცეში თავის სიტყვას იტყვის, მიუხედავად აქამდე დაშვებული შეცდომებისა. იმ არასწორი სატელევიზიო და პროდიუსინგული ნაბიჯებისა, რაც იქ გადაიდგა. ვფიქრობ, რომ წინ წავლენ, მაგრამ მე სხვა ამოცანები მქონდა: 40 წლის ვხდები და საკუთარი "ქოლგა" არ მაქვს, მეუღლე არ მყავს, არ ვარ დაოჯახებული და მუხლჩაუხრელი შრომის მიუხედავად, ვერაფერს მივაღწიე. ფინანსურად, სამსახურებში, სადაც მიმუშავია, ყოველთვის ძალიან მწირი შემოსავალი მქონდა. არადა, კორუფციასა და ნეპოტიზმში არ ვყოფილვარ გარეული, გრანტები მე არ შემიჭამია ზოგიერთი არასამთავრობო სტრუქტურისა და პოლიტიკოსივით. მაგრამ ნორმალური, ადამიანური, პატიოსანი შრომით წინ წასვლის საშუალებას ვინ მომცემდა, რომ რამე გამეკეთებინა?! ამიტომაც საქართველოს დატოვება გადავწყვიტე და ემიგრანტობა ვამჯობინე...

- რატომ მაინცდამაინც რუსეთი, თუ სადაც შემოგთავაზეს სამუშაო ადგილი, ის აირჩიე?

- ჩემმა ბიძაშვილმა და მეგობრებმა შემომთავზეს ეს. მითხრეს, რომ რუსეთში არის გავლენიანი ქართული რესტორნების ქსელი, რომელიც კლიენტებს ქართულ სამზარეულოს სთავაზობს, რესტორნები სხვადსხვა ქალაქში არსებობს. სამსახური კონკრეტულად, ყაზანში შემომთავაზეს, რასაც დავთანხმდი.

თავდაპირველად მენიუ შევისწავლე, გავხდი ოფიციანტი, მყავდა ჩემი კლიენტები, მაგრამ ახლა უკვე სამუშაოდ მოსკოვში გადმოვედი. ჩვენი კომპანიის დამფუძნებლებმა სამსახური ნეგლინნაიას ქუჩაზე (პრესტიჟულ ადგილზე) შემომთავაზა, სადაც მოსკოვის ელიტური ნაწილი აქტიურად სტუმრობს და ეს ქართული რესტორანი ამ საზოგადოებისთვის ძალიან საყვარელია.

- ქალქის გულში მოკალათებულხარ...

- კი, მე როგორც პროვინციული წარმოშობის ადამიანი, თბილისშიც ვაკეში "ვიტეხავდი კისერს"... პროვინციალები მეგაპოლისსა და ქალაქის ცენტრში ცხოვრებას მიჩვეულები ვართ, სხვანაირად არ შეგვიძლია, ჰოდა, აქაც მოსკოვის "ვაკეში" ამოვყავი თავი. ასე და ამგვარად აღმოვჩნდი ემიგრანტი რუსეთში...

- და სწორედ რუსეთში წასვლაზე რომ გაგკიცხონ, ამაზე რას იტყვი?

- ხშირად მეკითხებიან - რატომ რუსეთიო და არა სხვა ქვეყანა, რასაც უმეტესად, ჩემს ბოლო წლების განმავლობაში "ფეისბუქზე" ცოტა პრორუსულ ტონალობაში დაწერილ სტატუსებს უკავშირებენ, თითქოს განსაკუთრებულ სიმპათიას გამოვხატავდი ამ ქვეყნის მიმართ და ხოტბას ვასხამდი, ეს ასე არ არის. უბრალოდ, რუსეთი ის სახელმწიფოა, სადაც სოციალურად დაუცველი ემიგრანტისთვის ადვილია მოხვედრა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯერ ჩასვლაა რთული და მერე შრომითი მოწყობა, ამასთან, გამგზავრებაც ძვირი ჯდება. რაც შეეხება ევროპას, იქ შრომითი კანონმდებლობა რთულია, არავინ გამუშავებს და გაშოვნინებს იმდენ ფულს, რომ საქართველოში ოჯახი არჩინო. ემიგრანტები საფრანგეთსა და გერმანიაში წელებზე ფეხს იდგამენ და უკიდურეს გაჭირვებაში არიან. ერთ-ერთი გამონაკლისი საბერძნეთი იყო, სადაც ხალხი ოჯახებში ფულის გაგზავნას ახერხებდა.

მოკლედ, რუსეთში მეგობრებიც მყავს და ამიტომ ვამჯობინე ეს ქვეყანა, თან, აქ გამომიჩნდა სამსახური, მაგალითად, აშშ-ში რომ გამოჩენილიყო, სიამოვნებით წავიდოდი. ჩემთვის იდეაფიქსი არ ყოფილა ან რუსეთი ან არაფერი...

თუმცა ბევრი ქართველის მხრიდან გაკიცხვის მსხვერპლი უკვე გავხდი, რომ სამუშაოდ რუსეთში წავედი. არადა, აქ მილიონამდე საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს, რომელიც საქართველოს მზეს ფიცულობს, უამრავ ქართველს ვიცნობ, რომელიც ეროვნულ საქმეს აკეთებს და ოჯახებს კვებავს. დიახ, ქართული ემიგრაცია, 80 პროცენტი საქართველოს მოსკოვიდან აჭმევს პურს... აქედან გამომდინარე, ვისაც რაიმე პოლიტიკანური კითხვა აწუხებს, აქედან ვუპასუხებთ, ნებისმიერს გავეჯიბრებით საქართველოს პატივისცემასა და სიყვარულში. ვერავინ გამკიცხავს, არავის აქვს ამის მორალური უფლება. ჩვენ აქ საქართველოს სადარაჯოზე ვდგავართ...

ამ ეტაპზე, სქართველოს საზოგადოებრივ წყობას, სისტემას, როგორც ასეთი, არანაირად ვჭირდები, ჰოდა, ავდექი და წამოვედი, ქვეყნიდან გამოვეცალე, მილიონი საქმე მაქვს... ვიმეორებ, საკუთარი "ქოლგა" არ მაქვს და მაქვს უამრავი პრობლემა მოსაგვარებელი.

- ტელევიზიიდან რესტორანში მუშაობა დისკომფორტს არ გიქმნის და რამდენად მზად იყავი ამისთვის?

- პროფესიის შეცვლა არ გამჭირვებია, საქმე მალე ავითვისე. დისკომფორტს უფრო ის იწვევდა, რომ ეს ჩემთვის უცხო სფერო იყო, - რესტორანში არასოდეს მიმუშავია, სტუმრის რანგში კი, თბილისში, ყოველთვის, როდესაც რესტორანს ვსტუმრობდი, პატივისცემით გამოვირჩეოდი ოფიციანტებისა და ამ დაწესებულების თანამშრომლების მიმართ. უდიდესი და ტიტანური შრომაა, მუხლჩაუხრელი, თუმცა ვიღაცისთვის, ერთი შეხედვით, მარტივი, - რა უნდა მაგიდასთან კერძის მიტანს?! მხოლოდ ეს არ არის, კერძი სწორად უნდა შეფუთო და გაყიდო. ორმაგად დიდია პასუხისმგებლობაა, როდესაც ამას აკეთებ უცხოეთში, ქვეყნის ფარგლებს გარეთ და შენი ქვეყნის ეროვნულ სამზარეულოს უცხოელებთან წარადგენ. დიახ, აქ მე ვემსახურები ჩემი ეროვნული კულტურის ტრადიციების პროპაგანდას. ჩემი მიზანია, რუსებს სხვანაირად დავანახვო საქართველო და შევაყვარო...

- ე.ი. ძალიან დატვირთული ხარ და ამიტომაც აღარ წერ სოციალურ ქსელში სტატუსებს, რითაც საქართველოში ყოფნისას გამორჩეული იყავი...

- პოლიტიკურ თემაზე ჩემი სტატუსების ინტენსივობამ იკლო, რადგანაც საქმე, რასაც ვაკეთებ, როგორც ვთქვი, შრომატევადია. შესაბამისად ტელეფონისთვის და სოციალურ ქსელისთვის ნეკლებად ვიცლი, თუმცა როცა ვახერხებ და დრო მაქვს, სიამოვნებით ვეხმიანები საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს. სიმართლე გითხრათ, დღეს იქ არაფერი ხდება, - სრული წყვდიადია, რაც ლეონიდ ბრეჟნევის უძრაობის ხანას მახსენებს, როცა "ნიავი" არ ქროდა.

დღეს "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" კარგად ჩატკბნენ ერთმანეთში, შესაბამისად, არაფერიც არ ხდება. ეგენი მენტალობით, ღირებულებით და ცნობიერებით ერთნი არიან. მიუხედავად ამისა, წარმატებას ვუსურვებ. ემართოთ ქვეყანა ისე, როგორც გადაწყვეტილი აქვთ...

რაც შეეხება ჩემს "ფეისბუქით" შეხმიანებას, აუცილებლად შეგეხმიანებით, მიყვარხართ ქართველოებო! ძალიან აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობდი, შესაბამისად, ამ ყველაფერს არ მოვწყდები, შეგეხმიანებით და ჩავერთვები პროცესებში...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

"აუუ, რა კარგი დღე არის! ეჰეეე, რამდენი ქალია!" - თბილისისა და ქალების მოტრფიალე პოეტი, რომლის პოეზიას "ეროტიკულსაც" კი უწოდებდნენ

"სექტისმაგვარი მენტალიტეტი ჩამოყალიბდა, ხედავენ და მაინც არ სჯერათ, რა უბედურებაა, ვერ ვხვდები..." - გია ონიანი პანდემიაზე, ოჯახსა და კარიერაზე

8 თვის ფეხმძიმე ქეთა თოფურია დაინიშნა - ნიშნობის ფოტოები "ინსტაგრამიდან"