ბოლო დროს ხშირად გვესმის, რომ ქართველ მოზარდებს შორის იმატა უცნაურმა გატაცებებმა, "გადახრებმა" თუ სხვადასხვა საშიში მიმდინარეობით დაინტერესებამ. მშობლების ყურადღების სიმცირე, მშობლებისა და მასწავლებლების არასწორი მიდგომებისადმი პროტესტი თუ უბრალო ცნობისმოყვარეობა - ეს იმ მიზეზთა მცირე ჩამონათვალია, რაც თინეიჯერებს ემოების, გოთების თუ სატანისტების "მსხვერპლად" აქცევს. იოლ მსხვერპლად, რადგან ეს ის ასაკი და ის საზოგადოებაა, რომელზეც გაცილებით ადვილია გავლენის მოხდენა და ცდუნება, იმ საშიში გზით წაყვანა, რომელსაც შეიძლება, ვეღარასდროს გადაუხვიოს და უბრალო უყურადღებობის თუ გაუფრთხილებლობის გამო ახალგაზრდა საერთოდაც დაიღუპოს.
mshoblebi.ge-ს მოზარდი გოგონა დაუკავშირდა, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა ეს საშიში "გატაცება" და როგორც მისი საუბრიდან ჩანს, კვლავაც მის ტყვეობაშია. ანი 15 წლისაა. სკოლაში სწავლობს და არც ისე ცუდი მოსწავლეა. თუმცა, როგორც ყველა მოზარდს, მასაც დაუდგა ასაკი, როცა უჭირს უფროსების გაგება, ხშირი კონფლიქტები აქვს მასწავლებლებთან თუ მშობლებთან, იმავდროულად საკმაოდ ცნობისმოყვარე და უშიშარიც აღმოჩნდა და ამ ყველაფერმა იოლად მიიყვანა სახიფათო გზამდე.
"ცოტა ხნის წინ დიდი პრობლემა მქონდა... და ახლაც მაქვს" - გვიამბობს ანი.
მისი საუბარი ემოციურია, ალაგ-ალაგ ჩანს, რეალობა წარმოსახვასთან არეულა, თუმცა ვეცადეთ, ტექსტი არ შეგვეცვალა, რათა ჩვენი მოზარდი რესპონდენტის განწყობა და ემოციები შეგვენარჩუნებინა, - ალბათ იცით, რომ თბილისში არის ძველი მორგის შენობა და კიდევ რამდენიმე სხვა შენობა, სადაც ქართველი ემოები თუ ქართველი სატანისტები იკრიბებიან. ჩემი ცნობისმოყვარეობის გამო გავხდი ამ რიტუალების მოწმე და გარკვეულ ხანს ემოც ვიყავი... ახლა ძალიან მრცხვენია, ამას რომ ვყვები, მრცხვენია, ხელებს რომ ვისერავდი და ათას სისულელეს ვიმეორებდი... თუმცა, ბოლომდე არ ვარ გამოსული მათი ზემოქმედებიდან, დღემდე მკლავს ცნობისმოყვარეობა იმის, რის ნახვაც ვერ მოვასწარი და ვებრძვი ამას... მინდა, ჩემი მაგალითი ჩემმა თანატოლებმაც გაითვალისწინონ... თან მინდა მოვყვე ის, რაც თავს გადამხდა... ის, თუ როგორ მინდოდა ჩემი ნებით, საკუთარი სურვილით, სატანისტობა.
მე და ჩემმა მეგობარმა გავიგეთ, რომ არსებობდა ასეთი სახლი, ეშმაკის სახლს ეძახიან, ინგოროყვას ქუჩაზეა. გავიგეთ, რომ შიგნით მიწისქვეშა გვირაბებია. რომ თბილისში ათია ასეთი სახლი და ათივე ერთმანეთს უკავშირდება ამ გვირაბების მეშვეობით. მოგვიყვნენ, რომ ეს "ეშმაკის სახლი" ერთმა სომეხმა სატანისტმა ააშენა და იქ ქალმა ჩამოიხრჩო თავი - მისმა შვილმა თუ ცოლმა, ზუსტად არ მახსოვს. ამბობენ, რომ სახლის შიგნით დიდი ეშმაკის ფიგურაა, რომლის ფეხები სარდაფში მთავრდება, თავი კი - სხვენზე. სახლში არის ბუხრის მგავსი კარი, რომელზეც ბავშვის ფიგურაა გამოსახული და ის საიდუმლო გვირაბში ჩასასვლელი კარია... განაგრძეთ კითხვა