თუ პარლამენტში შექმნილ საკონსტიტუციო კომისიის სხდომებზე პრეზიდენტი თავად ივლის, არ იქნება ცუდი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.
კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში ყველა სახელისუფლებო შტოს, მათ შორის პრეზიდენტის ჩართვას მიესალმება, თუმცა იქვე განმარტა, რომ ცვლილებების განსახორციელებლად საკონსტიტუციო კომისია უშუალოდ პარლამენტში უნდა შეიქმნას.
"ამ ყველაფერში შეიძლება ჩაერთოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. თუ პრეზიდენტი თვითონ ივლის კომისიის სხდომებზე, ესეც არ იქნება ცუდი, პირიქით. ამაში ჩართული იქნება ყველა კონსტიტუციური ორგანო, ხელისუფლების ყველა შტო და ყველა პირი, რომელსაც ზოგადად, შეხება აქვს კონსტიტუციურ წესრიგთან. სამუშაო ჯგუფი შეიძლება ბუნებრივია პრეზიდენტმა შექმნას, ეს მისი უფლებაა, ისევე როგორც შეიძლება ჯგუფი შექმნას სამოქალაქო საზოგადოებამ, ამის მაგალითებიც გვაქვს, მაგრამ ზოგადად, თუ შევხედავთ კონსტიტუციის გადასინჯვის წესს, ყველაზე ლეგიტიმური და სწორი იქნება პარლამენტის მიერ შეიქმნას შესაბამისი კომისია, სადაც ხელისუფლების ამა თუ იმ შტოს წარმომადგენელი იქნება უფლებამოსილი, რომ ამ პროცესის სრულყოფილი მონაწილე იყოს", - განაცხადა მანანა კობახიძემ.
როგორც ცნობილია, ქვეყნის პირველი პირი გიორგი მარგველაშვილი ინიციატივით გამოდის, პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის სპიკერის თანათავმჯდომარეობით, საკონსტიტუციო ცვლილებების მოსამზადებლად სამუშაო ჯგუფი შეიქმნას.