აგვისტოში ციხიდან გაქცეული პატიმრის ამბავი მთელმა საქართველომ გაიგო, მას სამართალდამცავები თითქმის 2 თვე ეძებდნენ.
ის სასჯელს რუსთავის მე-6 პენიტენციალურ დაწესებულებაში, ქურდობის, ყაჩაღობისა და ქურდობის მცდელობის ბრალდებით იხდიდა. ვარამაშვილის "მოხერხებულობა" მხოლოდ პურისგან ხელყუმბარის დამზადებით არ დამთავრებულა, ძებნილობის პერიოდში მან საყვარელ გოგოზე ქორწინება მოასწრო. სამართალდამცავებმა მაშინ დააკავეს, როცა ჯვრისწერას ერთ-ერთ რესტორანში აღნიშნავდა.
პატიმრის მეუღლე, ლიზა ვასაძე ამბობს, რომ ოთარი ციხიდან მასთან ერთად ყოფნის სურვილით, დიდი სიყვარულის გამო გამოიქცა და იმედი აქვს, რომ სამართალდამცავები ამ გარემოებას გაითვალისწინებენ.
ლიზა ვასაძე, ოთარ ვარამაშვილის მეუღლე:
- მე და ოთომ ერთმანეთი 5 წლის წინ გავიცანით. საერთო მეგობრები გვყავდა და ჩვენც დავმეგობრდით. მერე ერთმანეთი მოგვეწონა, შეგვიყვარდა, მაგრამ მისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ერთად ყოფნა ვერ მოვახერხეთ. ის დააკავეს. მართალია, ციხიდან მირეკავდა, მაგრამ სანახავად ვერ შევდიოდი, რადგან არც ჯვარი გვქონდა დაწერილი და არც - ხელი მოწერილი.