საქართველოში პერიოდულად ამაყობენ, რომ სამშენებლო ბუმმა მთელი ქვეყანა მოიცვა, მაგრამ ერთეულ სპეციალისტთა გარდა, ყველა დუმს, რომ სამშენებლო ბიზნესში უკონტროლობა ბატონობს. პრობლემას ვერ ხედავენ, რომ ბეტონის სიმტკიცე 300-ის ნაცვლად, 150 მარკას არ აღემატება, არც ის ადარდებთ, რომ უხარისხო მასალებისგან აგებული ახალი სახლები 25-30 წელიწადში დაიწყებს დაშლას. მერე რა, რომ შენობა სეისმომედეგობას ვერ გაუძლებს... როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, მარტო უხარისხო სამშენებლო მასალებში როდია პრობლემა, მთავარია, რომ მშენებლობა ტექნოლოგიურ პროცესთა დარღვევით მიმდინარეობს.
ხშირად ყინვაში ასხამენ ბეტონს და არად დაგიდევენ, რომ ბეტონს შესაბამის ტემპერატურაზე გაშრობა სჭირდება, საყრდენი კედლების სიმყარეს არავინ დაეძებს, საძირკველს ზედაპირულად თხრიან, ხოლო სქელი ბლოკების ნაცვლად, თხელ ტიხრებს იყენებენ...
ტექნოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ორგანიზაცია "მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე" ხელმძღვანელი ანზორ საკანდელიძე "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ტექნოლოგიურ პროცესთა დარღვევით წარმართული მშენებლობა დღევანდელობის განუყოფელი ნაწილია. მთელი მშენებლობა მინდობილია ელიავას "შაბაშნიკებზე". ანზორ საკანდელიძე 20 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში უმაღლეს სასწავლებელში კითხულობდა დისციპლინას "სამშენებლო წარმოების ტექნოლოგიის" შესახებ და შეუძლია დადასტურებულად თქვას, რომ მიწის სამუშაოებიდან დაწყებული, სახურავის გადახურვით დასრულებული, პროცედურები ჩვენში დარღვეულია. ეს მაშინ, როცა სამშენებლო ნორმებისა და წესების თანახმად, დეტალურად გაწერილია, როგორ უნდა მოხდეს ტექნოლოგიურ პროცესთა დაცვა და რა ნორმატიული დოკუმენტაციით უნდა ვისარგებლოთ.
"დავიწყოთ მიწის სამუშაოებიდან. ქვაბულის სამუშაოები ყველგან დარღვევით წარმოებს, რადგან გრუნტის შემოწმება არ ხდება. არადა, სწორედ გრუნტის კატეგორიის მიხედვით უნდა დაიწყონ მუშაობა. ქვაბული ვერტიკალურად კი არ უნდა ჩაიჭრას, არამედ თავისი ფერდობით და ამ ფერდობს უნდა ჰქონდეს თავისი დახრა, რათა როცა ხდება ჩაღრმავება, ის არ ჩამოიშალოს. ამ ნორმებს არ იცავენ, რაც ხშირად მუშისთვის საბედისწეროდ მთავრდება. ეს მომენტი განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა საშიში, რაც 2009 წელს გააუქმეს შესაბამისი კანონი, რომელიც განსაზღვრავდა დაშორებას ახალ მშენებლობასა და ძველ ნაგებობას შორის.
ახლა, როცა შენობას შენობასთან თითქმის გადაბმულად ადგამენ, აღარ არის საშუალება, ქვაბულის დამუშავების დროს მოეწყოს ფერდობი. ამიტომ ხდება ქვაბულის ვერტიკალურად ჩაჭრა, რაც აზიანებს ძველსაც და ახალ შენობასაც. ფაქტობრივად, ჩვენ ვანგრევთ ძველ შენობას და ეს სენი თბილისში მასობრივადაა გავრცელებული", - აცხადებს ანზორ საკანდელიძე.
წაიკითხეთ ასევე: თბილისის რომელ კორპუსებს ემუქრებათ ჩამონგრევა - "სამშენებლო მასალების შემოწმება ლაბორატორიებში აღარ ხდება"