"იმედის" გადაცემა "დღის შოუს" ეთერში ხუთი თვის გოგონას ყური პირდაპირ ეთერში გაუხვრიტეს. პროცესი დაახლოებით 4 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა, ატირებული ჩვილი ხელში დედას ეჭირა და მის დამშვიდებას ცდილობდა, თუმცა ამაოდ. მიუხედავად ბავშვის ტირილისა, ყურის გახვრეტის პროცესი არ შეწყვეტილა.
ფაქტს მწვავე გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. "დღის შოუს" ფეისბუქის გვერდზე გადაცემის ავტორებს აღშფოთებული ფეისბუქმომხმარებლები უწერენ კომენტარებს, აკრიტიკებენ და მათგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ.
"დღის შოუ" ინციდენტთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"დღევანდელი "მშობელთა კრების" ერთ-ერთმა თემამ, "როგორ გავუხვრიტოთ ბავშვს ყური და რა უნდა ვიცოდეთ ამ პროცედურის შესახებ" , ჩვენი ზოგიერთი მაყურებლის აღშფოთება გამოიწვია, რადგან პროცედურის დაწყებამდე ბავშვმა იტირა.
გვსურს გაცნობოთ, რომ ბავშვის ტირილი, ზოგადად, ჩვენც "დღის შოუს" პროდიუსერებსა და წამყვანებს, გვაშფოთებს და გვანერვიულებს. თუმცა ამ შემთხვევაში ყურის გახვრეტა გამოცდილი სპეციალისტების მიერ, ყველა წესის დაცვით მოხდა.
ამასთან, თავად ბავშვის მშობელი თანახმა იყო პროცედურა პირდაპირ ეთერში ჩატარებულიყო და განმარტა, რომ ბავშვის ტირილი პირდაპირ ეთერში გამოწვეული იყო ძილის პერიოდის დადგომით. თავად პროცედურა კი აბსოლუტურად უმტკივნეულოა.
"დღის შოუს“ ამ კონკრეტულ გადაცემაში სწორედ იმის ჩვენება გვსურდა, როგორ მიმდინარეობს ეს პროცედურა და პასუხი გაგვეცა იმ დედებისთვის, რომლებიც გამუდმებით გვწერენ, მიზანშეწონილია თუ არა ჩვილისთვის ყურის გახვრეტა. ამ დემონსტრირებით, გვსურს მათ თავად გადაწყვიტონ, გაუხვრეტენ თუ არა საკუთარ შვილებს ყურს ადრეულ ასაკში.
აქვე გაცნობებთ, რომ პროცედურის შემდეგ, პატარა ნატალიმ შეწყვიტა ტირილი (რაც ეთერშიც ჩანდა), მიირთვა და მშვიდად დაიძინა" - ვკითხულობთ გადაცემის განმარტებაში.