"მოვუწოდებთ "ნაცმოძრაობას", თავი შეიკავონ საარჩევნო უბნების ჩაშლის მოწოდებისგან" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, მათი ინფორმაციით, ახალციხე-ადგიგენის ოლქში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები გივი თარგამაძე და გოკა გაბაშვილი აქტივისტებს საარჩევნო უბნების ჩაშლის მიზნით მითითებებს აძლევენ.
"ახალციხე-ადიგენის ოლქში, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მანქანით გადაადგილდებიან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, გივი თარგამაძე და გოკა გაბაშვილი, რომლებიც მითითებებს აძლევენ თავიანთ აქტივისტებს უბნების ჩაშლასთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ "ნაცმოძრაობას", თავი შეიკავონ ასეთი ქმედებებისგან. ასეთი რამ კანონდარღვევაა და არც ერთ შემთხვევაში არ დარჩება დაუსჯელი. ასევე მოვუწოდებთ ჩვენს აქტივისტებს, საარჩევნო ადმინისტრაციას, რომ მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ ასეთი ტიპის პროვოკაციების მიმართ", - განაცხადა კობახიძემ.
"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა რუსთავის მაჟორიტარულ ოლქში, 67-ე საარჩევნო უბანთან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მობილიზების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქაც არსებობს ეჭვი, რომ ისინი გეგმავენ პროვოკაციების მოწყობას. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა "ქართული ოცნების" აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, არ აჰყვნენ პროვოკაციებს და რაიმე ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს.
როგორც "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა აღნიშნა, სხვა მხრივ არჩევნები არსებითად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და საარჩევნო უბნებზე არ ფიქსირდება მნიშვნელოვანი დარღვევები.