ჩვენი ოპონენტების აჟიოტაჟი იმის შესახებ, რომ დარგული ხეები გახმა, სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ნარმანიას თქმით, წელს უკვე 80 000 ხის დარგვა იგეგმება.
"ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გამწვანების სეზონი. თბილისის მერია კვლავაც აგრძელებს დედაქალაქის ტერიტორისაზე მუშაობას ხეების დარგვასთან დაკავშირებით. წელს არსებული გეგმის მიხედვით, ჩვენ 80 000 ხის დარგვა გვაქვს დაგეგმილი და ის დედაქალაქის ტერიტორიაზე დაირგვება, ასევე ქალაქის შემოგარენში და თბილისის სხვადასხვა უბანში. ნაწილი გამგეობების მეშვეობით ამხანაგობების საერთო საკუთრების ტერიტორიებზე დაირგვება, შეივსება პარკების ტერიტორიებზე არსებული სიცარიელეები. მიღებული გადაწყვეტილებით გამოცხადებული ტენდერების ორწლიანი მოლაპარაკებები ითვალისწინებს ხეების მოვლა-პატრონობას, ამიტომ მათი გახარების მაჩვენებელი იქნება უკეთესი. რაც შეეხება ვერეს ხეობას, ჩვენს მიერ განხორციელდა გამწვანების ღონისძიებები, იქ 4 700 ერთეული ხე-მცენარე დაირგა. გახარების მაჩვენებელი 90%-მდეა. სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ ხეების 80% გაიხარებდა, თუმცა როგორც ხედავთ მაჩვენებელი უკეთესია", - განაცხადა ნარმანიამ და გამწვანების სამსახურს დაავალა, მოახდინოს ხეების გახარების და მოვლა-პატრონობის მონიტორინგი.
"ეს ტერიტორია მთლიანად უნდა გამწვანდეს. ოპონენტების აჟიოტაჟი იმის შესახებ, რომ დარგული ხეები გახმა, სიმართლეს არ შეესაბამება. კარგი პროექტი განვახორციელეთ ვერეს ხეობაში და მომავალ წელსაც იგეგმება გამწვანების ღონისძიებები. ჩვენ აქ კარგ სარეკრეაციო ტერიტორიას მივიღებთ", - აღნიშნა ნარმანიამ.
წაიკითხეთ ასევე: რეალურად დაირგო თუ არა თბილისში ნახევარი მლნ ხე და გვატყუებს თუ არა ნარმანია - რა უზუსტობები აღმოაჩინეს მოქალაქეებმა google/maps-ზე