"მაესტროს" გენერალური დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე შესაძლოა თბილისის მერად მოგვევლინოს - ამ ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით პარტია "ახალი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ავრცელებს. გთავაზობთ ამონარიდს გაზეთ "ახალ თაობასთან" მიცემული ინტერვიუდან:
- თქვენ სოციალურ ქსელში დაწერეთ, რომ ლევან გაჩეჩილაძე იქნება "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი. ეს ინფორმაცია საიდან გაქვთ?
- ინფორმაცია ამის შესახებ ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პიროვნებამ მომაწოდა. ჩვენ ერთ-ერთ ტელეკომპანიაში ერთად ვიყავით მიწვეულები და გადაცემის დაწყების წინ მესაუბრა ამაზე.
- შეგიძლიათ ამ პიროვნების ვინაობის დასახელება?
- ვინაობის დასახელებას არ ვაპირებ, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ის მთავრობის სხდომებს ესწრებოდა და მას ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვს. მისი განცხადებით, ლევან გაჩეჩილაძე ხშირად ესწრება მთავრობის სხდომებს.
- რა სტატუსით?
- ის პრემიერის მეგობარია და შესაძლოა, ამ სტატუსით ასწრებენ მთავრობის სხდომებს. ადამიანი, რომელიც ამის შესახებ მომიყვა, ამბობს, რომ მთავრობაში "გრეჩიხას" "პალაჟენია" აქვს დაყენებული. ლევან გაჩეჩილაძე ღიად ამბობს, რომ მას თბილისის მერობა სურს და არ გამიკვირდება, თუ სწორედ ის იქნება "ოცნების" კანდიდატი.
შორენა მარსაგიშვილი
გაზეთი "ახალი თაობა"