რამდენიმე დღის წინ საქართველოს რომის პაპი სტუმრობდა. პონტიფიკოსთან ერთად, თბილისში კათოლიკური სამყაროს მაღალი რანგის სასულიერო პირებიც ჩამოვიდნენ, მათ შორის ერთ-ერთი გახლდათ კანადელი ეპისკოპოსი, ასურელთა ეპარქიის საპატიო ხელმძღვანელი ჰანნა ზორა. 77 წლის სასულიერო პირი რომის პაპის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებსაც დაესწრო. დელეგაციის წევრები ძირითადად სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში დაბინავდნენ. 2 ოქტომბერს ეპისკოპოსი ჰანნა ზორა საკუთარ ნომერში გარდაცვლილი იპოვეს.
ამის შესახებ გაზეთ "პრაიმტაიმს" ინფორმაცია სასტუმროს თანამშრომელმა მიაწოდა, რომელმაც ვინაობის გასაჯაროება არ ისურვა.
ვალერი ჩეხერია, სასტუმროს გენერალური დირექტორი: "რეალურად რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, ეს გამოძიებასთან უნდა გაარკვიოთ. მე ნამდვილად ვერ გეტყვით. თუმცა სხვა მაღალი რანგის სასულიერო პირებისგან შევიტყვეთ, რომ ეს ადამიანი მძიმედ იყო ავად და ურჩევდნენ კიდეც, რომ არ ჩამოსულიყო თბილისში, სტადიონზე რომის პაპის მიერ აღვლენილ მესაზეც გამხდარა ცუდად. ასე გვითხრეს მისმა კოლეგებმა.
- ვინ იპოვა გარდაცვლილი?
- დამლაგებელმა. ოთახის დასალაგებლად იყო შესული და ნახა გარდაცვლილი ადამიანი.
- როგორც გავიგეთ, ოთახში ძალიან ბევრი სისხლი იყო დაღვრილი...
- დიახ, სისხლი ნამდვილად იყო. როგორ გაჩნდა და რამ გამოიწვია ეს, ალბათ, გამოძიება დაადგენს. ჩვენ როგორც ვიცით, მას ჰქონდა კუჭის დაავადება და სავარაუდოდ, ძლიერი სისხლდენაც ამ დაავადებას უკავშირდება... პირველადი ინფორმაცია, რაც ჩვენ სხვა სასულიერო პირებისგან მივიღეთ, იყო ის, რომ ეს ადამიანი გახლდათ მძიმედ დაავადებული. ამ დაავადებამ გამოიწვია თუ არა გარდაცვალება, ამას გამოძიება უპასუხებს.
- 2 ოქტომბერს მოხდა ეს ფაქტი, თუმცა, არსად გახმაურებულა... რატომ დაიმალა ინფორმაცია?
- არა, შეგნებულად ნამდვილად არ დამალულა. პრესკონფერენციას ვერ მოვაწყობდით ამ თემაზე.
მირიან ბოქოლიშვილი
გაზეთი "პრაიმტაიმი"